მაიკ პომპეო: “ღია ცის შესახებ“ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება ძალაში ექვს თვეში შევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც არსებული შეთანხმება შემუშავებული იყო მასში მონაწილე ყველა ქვეყნის გამჭვირვალობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიხედვით.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ამის მიუხედავად “რუსეთის მიერ შეთანხმების შესრულებამ და დარღვევამ ძირი გამოუთხარა შეთანხმების ნდობის დამყარების ცენტრალურ ფუნქციას და, ფაქტობრივად, გააღვივა უნდობლობა და საფრთხეები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისადმი, რითაც აშშ-ის მონაწილეობის გაგრძელება მიუღებელი გახადა“.
როგორც პომპეო აღნიშნავს, წლების განმავლობაში რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევდა „ღია ცის შეთანხმებას“.
„სამწუხაროდ, ეს არ არის ისტორია, რომელიც მხოლოდ „ღია ცის შეთანხმებას“ ეხება, რადგან რუსეთი იარაღის მრავალი ვალდებულების თანმიმდევრული დამრღვევია“, – აღნიშნავს პომპეო და ერთ-ერთ დარღვევად რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საზღვრის გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს.
„რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომენტრიან კორიდორში და ამგვარად ცდილობდა, წამოეყენებინა რუსეთის ყალბი განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების სხვა დარღვევებს შორის, პომპეო ასახელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობას, ასევე, კალინინგრადის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რომ არა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე პარტნიორები, აშშ ამ შეთანხმებას დიდი ხნის წინ დატოვებდა.
„არ შეცდეთ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი მოვლენების ამ განვითარებასა და იარაღზე კონტროლის არქიტექტურის ნგრევის გაგრძელებაზე. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს იარაღზე ეფექტიან კონტროლს, რომელიც ხელს უწყობს აშშ-ის, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას, რომელიც ექვემდებარება შემოწმებასა და შესრულებას და რომელშიც მონაწილეობენ პარტნიორები, რომლებიც პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. თუმცა ჩვენ ვერ დავრჩებით იარაღზე კონტროლის ისეთ შეთანხმებებში, რომლებსაც სხვა მხარე არღვევს და რომლებიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელყოფისთვის, მისი მხარდაჭერის ნაცვლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ შესაძლოა, მოვისურვოთ ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თუ რუსეთი აჩვენებს, რომ ნდობის გამყარების შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას დაუბრუნდა, თუმცა კრემლის კურსის ამგვარი ცვლილების გარეშე ჩვენი გზა ექვს თვეში შეთანხმების დატოვებით დასრულდება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”