ირანში აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურნენ: ამერიკული რეჟიმის სისუსტის, სასოწარკვეთისა და დაბნეულობის მაჩვენებელია

“ვაშინგტონმა ირანელი სამართალდამცველების წინააღმდეგ სანქციები იმის გამო დააწესა, რომ ყველა წინამორბედი სანქციები უსარგებლო იყო, მაგრამ ეს ზომებიც არ მოუტანთ მათ არაფერს”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ.

“აშშ-ის უსარგებლო, ბრმა და მრავალჯერ განმეორებული სანქციები. შინაგან საქმეთა მინისტრისა და ჩვენი ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამერიკული რეჟიმის სისუსტეზე, სასოწარკვეთასა და დაბნეულობაზე მიუთითებს”, – თქვა მუსავიმ.

მისი თქმით, აშშ-ის უკანასკნელი სანქციები, ასევე, არის გაერო-ს 2231 რეზოლუციის გაუგონარი დარღვევა, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ს მსგავსი დარღვევისთვის პასუხი უნდა აგებინოს.

აშშ-მა ირანის 12 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესა.

სანქციები შეეხო, მათ შორის, ირანის შს მინისტრ აბდოლრეზა რაჰმაინი ფაზლისაც, რომელსაც აშშ პირდაპირ ადანაშაულებს 2019 წელს ქვეყენაში საპროტესტო აქციების სისხლიან დარბევაში, რომლის მსხვერპლი, მათ შორის, სულ მცირე, 23 არასრულწლოვანი გახდა. ირანის შს მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

კიდევ ერთი პირი, რომელსაც აშშ-ის სანქციები შეეხო, არის ალი ფალაჰიანი, რომელიც 1989 – 1997 წლებში ირანის დაზვერვას ხელმძღვანლობდა. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ის მსოფლიოს მასშტაბით რიგ თავდასხმებსა და მკვლელობაში მონაწილეობდა, მათ შორის, 1995 წელს ღაზას სექტორში 20 წლის ამერიკელი სტუდენტის, ალისა ფლატოუს მკვლელობაში. ის ასევე პასუხისმგებელია 1994 წელს ბუენოს აირესში ებრაელთა სათემო ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები