თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენები.
გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ იქნა მიღებული, სადაც თურქეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი C-130 ჩამოვარდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენების შეჩერება უსაფრთხოების დამატებითი შემოწმებების ჩასატარებლად არის საჭირო. უწყების ცნობით, ყველა მსგავსი ტიპის თვითმფრინავი გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას და საბორტო სისტემების ტესტირებას.
„მიმდინარეობს ყოვლისმომცველი შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ფლოტის თითოეული ერთეული სრულად უსაფრთხოა ფრენისთვის,“ — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 20 თურქი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთ მთავარ ვერსიად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება.