პარლამენტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას სტაჟირების რეგულაციაზე კანონად აქცევს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება სტაჟირების დეფინიციისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ საქართველოს შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს შორის, ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა და არსებითად იზიარებს ორგანიზაციის თავდაპირველ მიდგომებსა და დასაბუთების ნაწილს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2014 წელს მიმართა და კანონში სტაჟირების სამართლებრივი რეგულირების საკითხი მოითხოვა, ვინაიდან დღემდე კანონმდებლობა სტაჟირების განმარტებას არ იძლევა, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის არაანაზღაურებადი სამუშაო სწავლის პროცესში, რომელიც გამოუცდელ კადრს პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. დამსაქმებელი, ხშირ შემთხვევაში, სტაჟირებას განასხვავებს ჩვეულებრივი სამუშაოსგან და არსებობს დისკრიმინაციული პრაქტიკა, როდესაც სტაჟიორი დგება ექსპლუატაციის წინაშე. ასეთ ვითარებაში, რთულია შრომითი უფლებების დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენდა შექმნილი კონკრეტული იმპერატიული მოთხოვნები, რომელიც სტაჟირების ხელშეკრულებას უნდა დაეკმაყოფილებინა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება გულისხმობდა საქართველოს შრომის კოდექსში ახალი მუხლის გაჩენას, რომელიც სტაჟირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავდა. საკანონმდებლო წინადადება მოიცავს შემდეგ შინაარს:
1. სტაჟირება არის განსაკუთრებული შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის ხდება სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე.
2. სტაჟიორთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, წერილობითი ფორმით, დაიდოს სტაჟირების ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება.
3. მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია დადგინდეს სტაჟირების ანაზღაურება, რომლის ოდენობა და გადახდის წესი, განისაზღვრება ასევე მხარეთა შეთანხმებით.
4. დამსაქმებელს უფლება აქვს, სტაჟირების განმავლობაში, ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება.
5. სტაჟირების ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. სტაჟირების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე, არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. სტაჟირება ითვლება შრომით შტაჟში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2015 წლის იანვარში განიხილა. კომიტეტის შეფასებით, სტაჟირების სამართლებრივი საკითხების რეგულაცია საჭიროა, თუმცა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ რეკომენდაციის მიხედვით, შრომის კანონმდებლობაში მცირემასშტაბიანი ცვლილებების შეტანა მიზანშეწონილი, მოცემულ ეტაპზე, არ იქნებოდა უმჯობესი და სისტემური მიდგომით უნდა განხილულიყო. მსგავსი ცვლილებების შრომითი ურთიერთობების სხვა საკითხებისგან დამოუკიდებლად განხილვა დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით ნაკლებად ეფექტურს გახდიდა. სწორედ ამ მოსაზრებით, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა აღინიშნა, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შრომის კოდექსში პაკეტური ცვლილებებისთვის, ინიციატივა დაიხვეწებოდა და გაითვალისწინებდნენ, რაც ობიექტურად მოხდა. ორგანიზაციამ შემდგომში მონაწილეობა მიიღო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან გამართულ შეხვედრებში და განახორციელა წინადადების მხარდაჭერა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ მასშტაბურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს სწორედ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით 2020 წლის 13 მაისს წარედგინა და სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, სტაჟირების სამართლებრივ რეგულაციასაც ასახავს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის თანახმად:
1. სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით;
2. დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის სანაცვლოდ, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა;
3. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა – 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ;
4. სტაჟიორის და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი არსებითად იზიარებს და ითვალისწინებს ორგანიზაციის წინადადების თავდაპირველ სამართლებრივ სულისკვეთებას და მიზანს. ამასთან, მეტად აკონკრეტებს სტაჟირების ფარგლებს, ვადებს და დამსაქმებლის უფლებებს. ცვლილება სრულად ითვალისწინებს იმ პრინციპს, რომ მხარეთა შორის საჭიროა სტაჟირების ხელშეკრულება. ორგანიზაცია მხარს დაუჭერს წარმოდგენილი ცვლილების განხორციელებას და იმავდროულად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კვლავ აქტუალურად მიაჩნია სტაჟირების შრომის სტაჟში ჩათვლის იდეის დაცვაც. ამ მიმართულებით, პარლამენტთან კომუნიკაცია გაგრძელდება.
ცნობისთვის: საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავაა. ინიციატივაზე წამყვანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია. რაც შეეხება ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების მომზადების პროცესს, მთლიანად დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა. ორგანიზაციამ 2014 წლის ივლისში შექმნა საკანონმდებლო წინადადებაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სპეცილისტებით კერძო თუ საჯარო სექტორიდან. კონსულტაციების შედეგად, ორგანიზაციამ საკანონმდებლო ცვლილებისთვის არჩევანი სწორედ სტაჟირების სამართლებრივი რეგულაციის შექმნაზე შეაჩერა.