ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის პარტია „ქართული ოცნების” აქტივისტები, მოხალისეები, საკრებულოს, მერიის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ.
„ჩვენი ვალია, დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ლენტეხის მუნიციპლიტეტში 40-მდე ბენეფიციარმა სისხლის უანგაროდ გაცემის სურვილი გამოთქვა – “მათი მიზანია კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს დაეხმარონ”.
აქციაზე, ასევე, იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი. მისი განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდი ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებულ ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და გამონაკლისი არც ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ორგანიზაციაა.
„დღეს აქ მოვიდნენ პარტიის წევრები, მოხალისეები, აქტივისტები, ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები, სულ 40-მდე ადამიანი, ეს ადამიანები თავიანთ სისხლს სხვების გადასარჩენად გაიღებენ. პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ლენტეხის მერმა.
ცნობისთვის, სისხლის უანგარო დონაცია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა.