ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 108-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 108-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საიუბილეო საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა.
საღამო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით დასრულდა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ადასტურებს”,- წერია ინფორმაციაში.