საერთაშორისო პარტნიორების შეფასება: პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველომ წარმატებით დაძლია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს კორპორაცია Microsoft-მა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ(OECD) მაღალი შეაფასება მისცეს.

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტის, ენტონი სალსიტოს თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრომ ონლაინ-განათლებაზე გადასვლა კარგი შედეგებით მოახერხა.

„კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ ეფექტიანად იყენებს საქართველო ციფრული სწავლების ინსტრუმენტებს. მინისტრი ჩხენკელის სტრატეგია კრიზისის ჟამს განსაკუთრებით მომწონს, რადგან მრავლისმომცველია. მაგალითად, საზოგადოებრივი არხის გამოყენება, რომ განათლება შორეულ რაიონებშიც ხელმისაწვდომი იყოს. სამინისტრო სწორ აქცენტს აკეთებს მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე, იმისთვის რომ მათ საკუთარი თავი იპოვონ 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე. კორპორაცია Microsoft-ი ყოველთვის მოხარული იქნება დაეხმაროს სამინისტროს,”- განაცხადა ენტონი სალსიტომ.

ენტონი სალსიტოს განცხადებით, კორპორაცია განაგრძობს თანამშრომლობას სამინისტროსთან და მასთან ერთად ბევრი სხვა პროექტის განხორციელება სურს. Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, OECD-მა საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა დისტანციური სწავლების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ.

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა კი საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. მან საქართველოს განათლებისსამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

„საქართველო ნამდვილად შთამბეჭდავი მაგალითიადისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით. იგი შესანიშნავი ნიმუშია მრავალი სხვა ქვეყნისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საჯარო პოლიტიკა ყოველთვის წინ უსწრებს პანდემიას. მან ძალიან სწრაფად მოახდინა კრიზისზე რეაგირება,”- განაცხადა ანდრიას შლაიხერმა.

ანდრეას შლაიხერის შეფასებით, სამინისტრომ მყისიერად შეძლო მასწავლებლებისა და განათლებაში ჩართული ყველა პირის მობილიზება, რამაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვა განაპირობა. სამინისტრომ მოახერხა ისიც, რომ განათლება ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეებისთვის. მან გონივრული არჩევანი უწოდა სამინისტროს მიერ ელექტრონულ სწავლებაში დანერგილ ტექნოლოგიებსა და ტელევიზიის რესურსის გამოყენებას, რამაც განათლების წვდომის არეალი გააფართოვა. მისი შეფასებით, სწორედ ტექნოლოგიურმა მრავალფეროვნებამ განსაზღვრა თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევები.
ანდრეას შლაიხერმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების წარმართვის პროცესში ქართველმა მასწავლებლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს დიდი ინვესტიციაა არა მარტო კრიზისის დროს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში.OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის შეფასებით, წარმატების მნიშვნელოვან ელემენტებს შორის დიდი ადგილი უჭირავს სამინისტროს მხრიდან საზოგადოებასთან რეგულარულ და სწორ კომუნიკაციას.

მისივე თქმით, საქართველო ტექნოლოგიების გამოყენებით მომავალში კონსტრუქციული სისტემის შემუშავებას აპირებს, რათა სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და კოლაბორაციული გახადოს. შედეგად, განათლების სისტემა უფრო ეფექტიანი იქნება, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ცოდნის უკეთესად მიღებასა და გაცემასშეძლებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც UNESCO-ის, OECD-ის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები