ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებას შრომის საერთაშორისო დღეს ულოცავს – “მშრომელთა ძლიერი კლასი ქმნის რეალურ დემოკრატიას”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი საზოგადოებას შრომის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც პანდემიამ გვასწავლა, მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასებაა. ესენი არიან ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები – ისინი, ვინც კრიზისის დროს ემსახურებიან ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად.

“მინდა, ყველა მშრომელს მივულოცო შრომის საერთაშორისო დღე.

1886 წლის პირველ მაისს ჩიკაგოში 8 -საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით დაწყებული მშროემელთა პროტესტი, რომელიც სისხლში ჩაახშვეს გახდა სიმბოლო მშრომელთა მოძრაობისა. მიუხედავად მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისა, მშრომელებმა ბრძოლის გაგრძელების შედეგად მალე მიაღწიეს საწადელს.

ჩვენთან, საქართველოში გარანტირებული 8-სათიანი სამუშაო დღე ამ დრომდე ოცნებად რჩება. არაფერს ვამბობ მინიმალურ ხელფასზე, უმუშევრობის შემწეობასა და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე.

ისტორია გვასწავლის, რომ ღირსეული შრომის პირობები, ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა არა მმართველი ელიტის კეთილშობილური გადაწყვეტილებების, არამედ მშრომელთა გაერთიანებისა და კლასობრივი ბრძოლის შედეგია. სწორედ მშრომელებისა და სოციალური სამართლიანობის იდეის ერთგული ადამიანების ბრძოლა არის საყოველთაო კეთილდღეობის როგორც შემოქმედი, ისე მისი შენარჩუნების ერთადერთი გარანტი.

საბჭოთა კავშირი, რომლის ნაწილსაც საქართველო წარმოადგენდა, ძლიერი სოციალური და კეთილდღების ინსტიტუებით გამოირჩეოდა. მაგრამ, საბჭოთა მმართველობის ფორმამ და შექმნილმა ილუზიამ უკლასო საზოგადოების შესახებ კლასთა ბრძოლა სრულიად გააქრო დღის წესრიგიდან. შედეგად კლასობრივი ცნობიერება დაასუსტდა. ამიტომ, ბრძოლის ის გამოცდილებაც, რომელიც მანამდე არ არსებობდა, დავიწყებას მიეცა.

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან უკვე 30 წელი გავიდა. სამი ათწლეული არ აღმოჩნდა საკმარისი, კლასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და მშრომელთა ერთიანი ბრძოლის წარმართვისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყნის ტოტალურმა დეინდუტრიალიზაციამ და სამუშაო ადგილების შემცირებამ დამამუშავებელი იინდუსტრიის სექტორში. მათ მაგივრად მხოლოდ მცირე რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნა მომსახურების სექტორში, რომელიც ისედაც არასტაბილურობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. ამან კიდევ უფრო დაქსაქსა მშრომელები და მათი ერთობისთვის დამატებითი წინაღობა გააჩინა.

ახალი გაბატონებული ნეოლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის პირობებში სახელმწიფო და კანონი ეკონომიკური ელიტის მომსახურედ იქცა. საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის ბრმა რწმენა ერთგვარ რელიგიურ დოგმად ჩამოყალიბდა. პარალელურად დაიწყო სოლიდარობის ინსტიტუტების მიზნმიმართული ნგრევა. ახალი წესრიგის შედეგად განათლება, ჯანმრთელობა და ადამიანის შრომაც კი საბაზრო საქონლად იქცა, რომელიც თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი არჩევანის პირობებში უნდა გეყიდა, როგორც კბილის ჯაგრისი ან ავეჯი. შესაბამისად დამკვიდრდა ცნებები: ადამიანის შრომასთან მიმართებაში -დამქირავებელი და დაქირავებული, ადამიანის ჯანმრთელობათან კი სიტყვა პაციენტი სერვისის მომხმარებელმა ჩაანაცვლა. თითქოს ადამინის შრომა ისევე უნდა ფასდებოდეს, როგორც რაიმე ნივთი, საქონელი, რომელზეც თუ მოთხოვნა დიდია ძვირი ღირს, და თუ მცირე, მაშინ იაფი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც პანდემიამ გვასწავლა, მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასებაა. ესენი არიან ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები – ისინი, ვინც კრიზისის დროს ემსახურებიან ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად. სწორედ, მათი წყალობით ვართ საკვებით, სამედიცინო საშუალებებით და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ადამიანებს რომელთა მხრებზეც გადადის ეს ურთულესი პერიოდი აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი, ყველაზე გრძელი სამუშაო საათები და ყველაზე არამდგრადი შრომის პირობები. მათი შრომა არა ნაკლებ მძიმეა, ვიდრე სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების. კარგია რომ დღეს მათ საზოგადოება მადლობას უხდის. მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ვაფასებთ მათ შრომ​ას და ეს უნდა გამოისახოს მათივე ანაზღაურებაში და არა მხოლოდ სიტყვებში,”- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ძლიერი მშრომელთა კლასი ქმნის რეალურ დემოკრატიას.

ნებისმიერი მიზნის მისაღწევად ერთიან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ, ბრძოლისთვის საჭიროა თავდაჯერებულობა. მჯერა, რომ მშრომელები, რომლებიც ამ მძიმე კრიზისულ ვითარებაშიც თავიანთი შრომით ქმნიან ქვეყნის დოვლათს და დგანან ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ამ ბრძოლის შედეგად უფრო გაძლიერდებიან და უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეიძენენ.

უკვე დაგროვდა ახლო წარსულში მშრომელთა ბრძოლის წარმატებული მაგალითები. ჭიათურელი მაღაროელების, თბილისის მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013″ ის და სოციალური მუშაკების გაფიცვამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

ბევრს კლასობრივი ბრძოლის გაგონება ღიმილს გვრის. ლიბერალური დემოკრატიის მანტრა, რომლის მიხედვით მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობა არის დემოკრატიის გარანტი, არც საკმარისია და არც სწორი. კანონის წინაშე შეიძლება ყველა თანასწორი ვიყოთ, მაგრამ თვითონ კანონი იყოს ეკონომიკური ელიტის ინტერესებს მორგებული. ძლიერი მშრომელთა კლასი ქმნის რეალურ დემოკრატიას. მხოლოდ კლასთა ბრძოლითა და ამ ბრძოლის შედეგად მიიღწევა ის ძალთა წონასწორობა, რომელიც საყოველთაო ინტერესებზე მორგებულ გადწყვეტილებებს უზრუნველყოფს და კანონებს ქმნის.

ამიტომ არაფერი საშიში და საქილიკო კლასობრივ ბრძოლაში არ არის. ოღონდ ამ ბრძოლის წარმატების გარანტს სოლიდარობა და ერთიანობა წარმოადგენს, ერთიანობა მშრომელებისა და იმ ადამიანებისა, ვისაც სოციალური სამართლიანობის იდეალები ამოძრავებთ.

მე დიდი ხანია ვთანამშრომლობ სხვადასხვა მშრომელთა გერთიანებებთან. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ვიბრძვით მინიმალური ხელფასისა და ღირსეული შრომის პირობებისთვის, რათა მოხდეს მსრომელების უკეთესი პირობებითა და ანაზღაურებით უზრუნველყოფა.

პანდემიის დასრულების შემდეგ კი, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს, რომ მხარი დაუჭიროს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას და ღამისა და ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ანაზღაურების 1,5 ოდენობით გაზრდას, რაც დაეხმარებათ დასაქმებულებს უფრო დაცულად იგრძნონ თავი. მაგრამ მანამდე ყველა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის სიმძიმე, არა იმ ადამიანებს დააწვეთ თავზე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირთ, არამედ მათ ვისაც მისი აწევა შეუძლიათ და ეკუთვნით.

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მშრომელებს პირველი მაისი. და მინდა არა მხოლოდ მადლობა გადავუხადო ყველა მშრომელს, რომლებიც დაუღალავად ემსახურებიან ქვეყანას, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში რჩება, არამედ ვპირდები მათ, რომ კვლავ გავაგრძელებ ბრძოლას მათი შრომის ღირსეული პრობებისთვის,”- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები