ადვოკატი: დავით ცინარიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს, მისი პოზიციაა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას
“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, დავით ცინარიძეს დღეს წარედგინა ბრალდება გამოკითხვის გარეშე, ბრალდების მხარეს არ უკითხავს მისთვის სცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ”, – ამის შესახებ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით ცინარიძის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განაცხადა.
ადვოკატის თქმითვე, ბრალდებულის პოზიციაა, რომ ოჯახური სივრცე პირადი სივრცეა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.
“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს დღეს წარედგინა ბრალდება ოჯახის წევრის მუქარისა და ძალადობის გამო, აღნიშნული ბრალდების ირგვლივ ის დაკითხული არა არის. ბრალდების მხარეს არ გამოუხატავს სურვილი გასცნობოდა მის პოზიციას წარდგენილი ბრალდების ირგვლივ, ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს ადგილი, მისი მხრიდან განხორციელდა თუ არა ძალადობა. საზოგადოებას ვთხოვ დაელოდოს გამოძიება. დავით ცინარიძის პოზიციაა, რომ ოჯახური სივრცე მას მიაჩნია მის პირად სივრცედ, ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და გამოძიება მივა იმ ლოგიკურ შედეგამდე, რაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი გამოძიების დასრულებისთანავე. ამ ეტაპამდე არ არის გამოკითხული, ბრალი წარედგინა გამოკითხვის გარეშე. ბრალდების მხარეს არ უკითხავს მისთვის სცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ”,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ცინარიძე გუშინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.