ბაჩო ოდიშარია: ვანო მერაბიშვილი სიცრუის გავრცელების, უტიფრობის, დანაშაულის არაღიარების, ძალადობრივი მესიჯების ტირაჟირების იმავე რიტორიკას იყენებს

„ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლებულა მორალური პასუხისმგებლობისგან, რაც ქართველი საზოგადოების წინაშე აკისრია, როგორც ძალადობრივი რეჟიმის ხერხემალს, გვამების დამკვეთს, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით კანონდარღვევების ჩამდენს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია POSTV-ის ვიდეობლოგში ამბობს.

მისი თქმით, მერაბიშვილი, თავისი პარტიული ძმების მსგავსად, ფაქტების გაყალბების, სიცრუის გავრცელების, უტიფრობის, დანაშაულის არაღიარების, ძალადობრივი მესიჯების ტირაჟირების იმავე რიტორიკას იყენებს.

„იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში მორალური რეაბილიტაცია განიცადო, აუცილებელია გულწრფელი მონანიება, თუმცა აქაც გააჩნია, რა ტიპის დანაშაულზეა საუბარი. მაგალითად, ანდერს ბრეივიკმა როგორი „გალობანი სინანულისანიც” არ უნდა დაწეროს, მისი მორალური რეაბილიტაცია შეუძლებელია. თუმცა, მერაბიშვილი თავის პარტიული არხის პირდაპირ ეთერში კითხვაზე: რას ნანობს და რას შეცვლიდა წარსულში, ამბობს, რომ მას და მის პარტიას არ უნდა მიეცათ საშუალება ხალხისთვის, რომ მათი ქმედებები შეცდომად ჩაეთვალათ”, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

მისი თქმით, მერაბიშვილს გვერდში დაუდგნენ რეჟიმის თანაშემოქმედები, ბოკერია, ბარამიძე, როგორც ვანომ უწოდა, მისი საუკეთესო მეგობარი სააკაშვილი და სხვები. გაერთიანებული ოპოზიციიდან რამდენიმე სუბიექტი გაემიჯნა, მათ შორის, ნინო ბურჯანაძე. თუმცა თანამებრძოლობს სხვა “ნაცებთან”, მაგალითად, ბოკერიასთან, რომელსაც რეჟიმის მთავარ იდეოლოგს უწოდებდა.

„ერთი კარგი ამერიკული ფილმია, „მემენტო”, რომლის მთავარ პერსონაჟსაც ამნეზია განუვითარდება და აღარ შეუძლია ახალი მოგონებების დამახსოვრება, შესაბამისად, იმისთვის, რომ საკუთარ თავს მიზანი გაუჩინოს, იგონებს ისეთ რეალობებს, რომელშიც რაიმე ტიპის დანიშნულება ექნება, რომელშიც კარგ ადამიანად დაფიქსირდება. მოკლედ, აყალბებს საკუთარ ცხოვრებას იმისთვის, რომ სიცოცხლის “დრაივი” ჰქონდეს. მას არ სჭირდება სიმართლე, რადგან თავად ქმნის თავისთვის მოსაწონ სიმართლეს, ეძებს მკვლელს მაშინ, როდესაც თავადაა მკვლელი. სულ ამ ფილმის სიუჟეტი მიტრიალებს თავში, რაც სისტემური ძალადობის ერთ-ერთი ფუძემდებელი მამის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან მიცემული მისი კომენტარები მოვისმინე. მერაბიშვილი გამალებით ცდილობს საკუთარი იდენტობის გაყალბებას, მისთვის მოსაწონი სიმართლის შექმნას, როგორც საკუთარი, ისე – საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების დეფორმირებას.

არადა, ადამიანი ექვს წელსა და ცხრა თვეს იმყოფებოდა პატიმრობაში, სამარტოო საკანში, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენისთვის ჰქონდა უდიდესი დრო; დრო თვითრეფლექსიისთვის, ღირებულებების გადაფასებისთვის, შეცდომების გაანალიზებისთვის, სინანულისთვის, გაკეთილშობილებისთვის, თუმცა გათავისუფლდა თუ არა, ვნახეთ, რომ ის, თავისი პარტიული ძმების მსგავსად, იყენებს იმავე რიტორიკას, ფაქტების გაყალბების, სიცრუის გავრცელების, უტიფრობის, დანაშაულის არაღიარების, ძალადობრივი მესიჯების ტირაჟირების და ა.შ.

მართალია, მან მოიხადა კანონით გათვალისწინებული სასჯელი (მაგრამ საჭიროა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საქმე კვლავ რჩება წარმოებაში), თუმცა ის არ გათავისუფლებულა მორალური პასუხისმგებლობისგან, რაც ქართველი საზოგადოების წინაშე აკისრია, როგორც ძალადობრივი რეჟიმის ხერხემალს, როგორც გვამების დამკვეთს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით კანონდარღვევების ჩამდენს.

იმისათვის, რომ საზოგადოების თვალში მორალური რეაბილიტაცია განიცადო, აუცილებელია გულწრფელი მონანიება, თუმცა აქაც გააჩნია, რა ტიპის დანაშაულზეა საუბარი. მაგალითად, ანდერს ბრეივიკმა როგორი „გალობანი სინანულისანიც” არ უნდა დაწეროს, მისი მორალური რეაბილიტაცია შეუძლებელია. თუმცა, მერაბიშვილი თავის პარტიული არხის პირდაპირ ეთერში კითხვაზე: რას ნანობს და რას შეცვლიდა წარსულში, ამბობს, რომ მას და მის პარტიას, არ უნდა მიეცათ საშუალება ხალხისთვის, რომ მათი ქმედებები შეცდომად ჩაეთვალათ.

არც იმას ამბობს, რომ შეცდომები არ უნდა დაეშვათ, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი არ უნდა დაეფუძნებინათ. ამბობს იმას, რომ ხალხს არ უნდა ჩაეთვალა მათი ქმედებები შეცდომად, ანუ ხალხი უნდა ყოფილიყო იმდენად დეზინფორმირებული, იმდენად რეპრესირებული, იმდენად გაყალბებულ რეალობაში, რომ რეჟიმი ლეგიტიმურად მიეჩნია, ხმა არ ამოეღო დემოკრატიული არშიით შეფუთულ ავტორიტარიზმსა და რეპრესიებზე.

რასაკვირველია, მას გვერდში დაუდგნენ რეჟიმის თანაშემოქმედები, ბოკერია, ბარამიძე, როგორც ვანომ უწოდა, მისი საუკეთესო მეგობარი სააკაშვილი და სხვები. თუმცა გაერთიანებული ოპოზიციიდან რამდენიმე სუბიექტი გაემიჯნა, მათ შორის, ნინო ბურჯანაძე. გაემიჯნა მერაბიშვილს, თუმცა თანამშრომლობს და თანამებრძოლობს სხვა “ნაცებთან”, მაგალითად ბოკერიასთან, რომელსაც რეჟიმის მთავარ იდეოლოგს უწოდებდა. ანუ საუბრები ხომ არ არის პირად წყენებზე, რაც ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ვინმეს აპატიებ თუ არა, საუბარია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებებზე, რომლის პატიებაც წარმოუდგენელი რამაა. როგორ შეიძლება, მაგალითად, თუ ებრძვი კრიმინალს, თანამშრომლობდე კარტელის ბოსთან; თუ ებრძვი ფაშიზმს, თანამშრომლობდე მის იდეურ შემოქმედთან. შესაბამისად, საქმე გვაქვს რეალობის ფუნდამენტურ გაყალბებასთან, რაც ზოგადად ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო სტრატეგია. ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ მერაბიშვილმა პასპორტიც კი გააყალბა დაჭერამდე, ქვეყნის დატოვების მიზნით და ცოტა ხნით ლევან მაისურაძე გახდა.

სახეზე გვაქვს გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან სრული ფანტასმაგორია, სიყალბე მათ მედიებში, სიყალბე მათ იდენტობებში, სიყალბე მათ რიტორიკაში, სიყალბე მათ მიზნებში. გვარამიასთან უახლეს ინტერვიუში, მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელობაზე განაცხადა, ჩემს ოჯახს დისკომფორტი შეექმნაო, ციხის კადრებზე – დადგმული იყოო, კასრების კადრები არც მინახავსო, მეგის ქარდავა ვიცოდი, ვინ იყო, მაგრამ არ ვიცნობდიო, არანაირი შემოსავალი არ მაქვს, მშობლები მარჩენენო და სხვა ამგვარი საოპერო არიები სიცრუის კატალოგიდან.

„მემენტოში”, ფილმში, რომელზეც დასაწყისში გესაუბრეთ, მთავარი პერსონაჟი ამბობს, ყველას გვჭირდება სარკეები, რომ საკუთარ თავებს შევახსენოთ, ვინ ვართო. იქედან გამომდინარე, რომ სარკეში ჩახედვაზე გაერთიანებული ოპოზიცია უარს ამბობს, ეს უკვე საზოგადოების ვალდებულება ხდება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი საკუთარი იდენტობების გაყალბებას და შესაბამისად, გაკეთილშობილებას დაიწყებენ, შევახსენოთ, რეალურად ვინ არიან, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ჩავახედოთ სარკეში”, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები