შალვა ოგბაიძე: ფაქტია, რომ ჩვენმა გარემომ ვაჟას უკვდავი სიტყვები შეგვახსენა – ბუნება მბრძანებელია! უდიერად მოპყრობა კარგს არაფერს მოიტანს

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი, შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, დედაქალაქის საჰაერო აუზის გასუფთავება აშკარაა. როგორც ოგბაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სატრანსპორტო და მშენებლობის სექტორში გარემოსდაცვითი საქმიანობისაკენ მიმართულ ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოგბაიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პანდემიის დროს სახლში დარჩენილ ადამიანებს მეტი დრო მოგვეცა, გვეფიქრა, რაღაცები გადაგვეფასებინა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩვენი დედაქალაქის საჰაერო აუზის გასუფთავებაა. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, სატრანსპორტო სისტემისა და მშენებლობის სექტორში გარემოსდაცვითი საქმიანობისაკენ მიმართულ ძალისხმევას რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფაქტი სახეზეა, როგორ გასუფთავდა ჰაერი. მძღოლების დაკვრივებასაც მოგახსენებთ: ავტომობილს რომ გავრეცხავდით, საკმარისი იყო, ოდნავ წამოეწინწკლა, რომ მანქანა ტალახიანი იყო ხოლმე. დღეს მანქანა თითქმის ერთი თვეა, გარეთ დგას. რამდენჯერმე იწვიმა კიდეც და ავტომობილი სუფთაა. ჭუჭყიანი წვიმები აღარ მოდის.

რა თქმა უნდა, ჩვენს სატრანსპორტო ავტოპარკს ერთბაშად ვერავინ შეცვლის. ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება ჩვენი ამომრჩევლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ტექდათავლიერებაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, საუბარია იმაზე, რომ ჩემისთანა ადამიანი, რომელიც ხშირად გადაადგილედება – მართალია, ელექტრომობილით, მაგრამ მაინც მიჯაჭულია კერძო ავტომობილს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდეს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ბოლო დროს საზოგადოებრივი ტრანპორტით უფრო ხშირად ვსარგებლობ. ახლა მთავარი ამ სატრანსპორტო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიყვანაა, რაც დაწყებულია ჩვენი გუნდის მიერ. ძალიან მარტივი ინდიკატორია: თუ მე სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად მჭირდება საათ-ნახევარი ან ერთი საათი ჩემი ავტომობილით, მნიშვნელოვანია, ამაზე ნაკლებ დროში მივიდე საზოგადოებრივი ტრანსპროტით, თუნდაც გადაჯდომა მომიწიოს. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს.

„მიმზიდველი უნდა იყოს და არა, ვთქვათ, უხეში რეგულაციები არსებობდეს ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მაგალითია, რაც ბატონმა კახიმ ბრძანა, ეს სამსჯელო თემაა, რომ კვირაში ერთი ან ორი დღე იყოს უტრასპორტო დღე. მესამე – შეიძლება, ვივარაუდოთ გერმანული მოდელი, მაგალითისათვის, ჩვენ დიდ ქალაქებში მაცხოვრებლები მივეჩვიეთ იმას, რომ შაბათ-კვირა უნდა დავუთმოთ საყიდლებზე ბაზრობებზე სიარულს. ხშირად ვსაუბრობთ ევროპულ მოდელზე, როგორაა ევროპაში: შაბათ- კვირას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, თუ რაღაც დღესასწაული არაა, დიდი ბაზრობებისა და მაღაზიების ფუნქციონირება, პრაქტიკულად, შეწყვეტილია და ადამიანები პარასკევს რომ დაიძვრებიან ქალაქგარეთ, კვირა საღამოს ბრუნდებიან. მეტ დროს უთმობენ ქალაქგარეთ, ოჯახის წევრებთან ერთად დროის სუფთა ჰაერზე გატარებას, სპორტსა და ა.შ. როცა პანდემია დასრუდლება, ეს თემა სამსჯელოდ დაგვრჩება. მედიას დიდი როლი აქვს, რომ ვიმსჯელოთ და საერთო შეთანხმებას მივაღწიოთ.

ფაქტია, რომ ჩვენმა გარემომ ვაჟას უკვდავი სიტყვები შეგვახსენა – ბუნება მბრძანებელია, უდიერად მოპყრობა კარგს არაფერს მოიტანს “, – განაცხადა ოგბაიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მათი ცნობით, ჰაერში განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული.

დღეიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დაშვებულია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები