შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო – მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება
სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იარაღიდან ისვრიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კვირა” შსს-ს დაუკავშირდა.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში ასახული პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
“გუდაურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 15 კმ-ში, საავტომობილო გზიდან 300 მეტრში ნაპოვნია სასიგნალო პისტოლეტის გასროლილი ფუჭი ტყვიების მასრები და მასრების შესანახი მუყაოს კოლოფი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც აკუსტიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება,”- განუცხადეს “კვირას” შსს-ში.