„კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს“ – წმინდა დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღე

26 აპრილი პუბლიცისტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის  ერთ-ერთი მესვეურის, დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღე იყო. მისმა შთამომავალმა, მწერალმა და ფილოლოგიის დოქტორმა თამარ მიქაძემ ფეისბუქის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა მოწამებრივად აღსრულებული ერისკაცის სიტყვები:

თამარ მიქაძე – დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი

„თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება. პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის“;
„კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს“;
„მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე“;
„მე გახლავარ ქართველი, ქართველს კი შეგიძლიათ ყველაფერი დასწამოთ, ხოლო უზრდელობას კი – ვერასოდეს, საქართველოს მოშორება ღმერთმა მაშოროს, გუთანს მივუდგები, ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყნას ვერ მოვცილდები“;
„ვინც კი სარწმუნოებას შეურყევლად ადგია, მაინც არ შეერყევა აღსარება იმისი, რომ ღმერთი არის ყოვლის შემომქმედი, ყოვლის დამმყარებელი. ძლიერებით ყოვლად გარეშეუწერელი, ყოველ ზომასა და განსაზღვრების გარეშე მყოფი“.

დიმიტრი ყიფიანი  1814 წლის 26 აპრილს დაიბადა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა.
ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქის თავი.
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წლის 24 ოქტომბერს 73 წლის მოხუცი მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს.
ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, – წერდა აკაკი წერეთელი. მანვე დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა გახმაურებული ლექსი – „განთიადი“.
დიმიტრი ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური.
ლიტერატურული მოღვაწეობა დიმიტრი ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1857 წლიდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.
2007 წ. საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი, ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო წმინდანად შერაცხა.
დიმიტრი ყიფიანი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები