გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შემცირებამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კლების ტენდენცია გამოიწვია.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
აღნიშნული, ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.
აღსანიშნავია, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის – წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე – ფონურ სადგურებზე”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.