ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მშენებარე ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს (ვიდეო)

ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარში მრევლმა შეკრება 21:00 საათისთვის დაიწყო. ლიტურგიას ცაგერისა და ლენტეხის  ეპარქიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი სტეფანე აღავლენს. ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, მშენებარე ტაძრის შიგნით რამდენიმე მორწმუნე ადამიანი იმყოფება, მრევლის ნაწილი კი ტაძრის ეზოში ისმენს საღმრთო ლიტურგიას.

მომლოცველთათვის ადგილები წინასწარ, 2 მეტრიანი დისტანციით იქნა მონიშნული. ყველა მათგანი ტაძარში პირბადით და ხელთათმანებით იმყოფება.

ეპარქიის წინამძღვარმა თორმეტ საათზე ლიტანიობა მრევლთან ერთად შეასრულა და სრულიად საქართველოს ქრისტეს აღდგომა მიულოცა. მეუფის განმარტებით, წმინდა ცეცხლი, რომელიც თბილისში იერუსალიმიდან ჩამოაბრძანეს, ეპარქიას საპატრიარქოს დახმარებით ამ დღეებში გადაეცემა.

ადგილზე იმყოფებიან  შსს-ს ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

როგორც ერთ-ერთმა მომლოცველმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ის ტაძარში 21:00 საათამდე მივიდა და ადგილზე დილის 6:00 – მდე დარჩება.

“ჩვენ აქ საღამოს 9 საათზე მოვედით, რათა მორწმუნეებმა ერთად ვიზეიმოთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული და რა თქმა უნდა ვაპირებთ დილის 6 საათამდე ვილოცოთ და შემდეგ დავბრუნდეთ სახლებში, რათა არ დავარღვიოთ საგანგებო მდგომარეობის წესები“,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები