რუსთავში, სიონის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს

რუსთავში, სიონის ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება 21:00 საათზე დაიწყო. ეპარქიის გადაწყვეტილებით, ტაძარში რამდენიმე ადამიანი იმყოფება, მრევლის ნაწილი კი საღმრთო ლიტურგიას ტაძრის ეზოდან ისმენს.

ეზოში სტიქაროსნებმა, რეკომენდაციის გათვალისწინებით, მრევლისთვის განკუთვნილი ადგილები წინასწარ მონიშნეს.  როგორც “რეგიონულ კვირას” დეკანოზმა ელგუჯა ბაბუნაძემ განუცხადა, 48 დღე მარხულობდნენ ადამიანები და ვერ დაუშლიდნენ მათ ეკლესიაში მისვლას.

მისი თქმით, ტაძარში მისულ ყველა ადამიანს უკეთია პირბადე და იცავენ წესებს. ასევე, სტიქაროსნები აკონტროლებენ და მოუწოდებენ მრევლს, რომ დაიცვან ყველა წესი, რომელიც არის დადგენილი მთავრობის მიერ.

“პირველ რიგში მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის დღესასწაული. ჩვენ მთელი მარხვა ვემზადებოდით ამ დღისთვის, ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია, თქვენ იცით, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს. ჩვენ აქ დილითაც ვატარებთ მსახურებას შვიდ საათზე, იმ ხალხისთვის, ვინც არის სნეულებაში, ან რაღაც მიზეზების გამო , ვერ ახერხებს ტაძარში მოსვლას. ხალხი მოვიდა წინასწარ 9 საათამდე, რადგან ე.წ კომენდანტის საათის გამო ყველა კარი ჩაიკეტა და დილის 6 საათამდე ვერავინ შემოვა და გავა ტაძრის ეზოდან. აქ მოვიდა ის ხალხი, ვისაც ძალიან უნდოდა ტაძარში მოსვლა. გვაქვს მონიშნული ადგილები და ყველა იცავს დისტანციას. ჩვენი მრევლი ითვალისწინებს ყველა წესს, რაც გვაქვს მთავრობის დადგენილებით”, – განაცხადა დეკანოზმა ელგუჯა ბაბუნაძემ.

გიორგი ხარშილაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სააღდგომო ლიტურგიას ტაძარში ესწრება, როგორც მან “რეგიონული კვირას” უთხრა, ეკლესიიდან წინასწარ შეატყობინეს, რა დროს უნდა მისულიყო ტაძარში და როგორ დაეცვა წესები.

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მივულოცავ სრულიად საქართველოს, კათოლიკოს პატრიარქს და ყველა ქრისტიან ადამიანს. ეკლესიიდანაც და მთავრობისგანაც ინფორმირებული ვიყავით, რომ დისტანცია უნდა დაგვეცვა, ყველა ჩვენგანს უკეთია პირბადე და აცვია ხელთათმანები”, -განაცხადა გიორგი ხარშილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები