Neue Zürcher Zeitgeist: კორონავირუსთან ბრძოლის ჭრილში, საქართველო დამსახურებულად მიიჩნევა სამაგალითო ქვეყნად რეგიონში
საქართველოში, როგორც რეგიონში არცერთ სხვა ქვეყანაში, თავიდანვე ახერხებდნენ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას. მთავრობამ საზღვარგარეთიდან დადებითი შეფასებები უკვე მიიღო, ასევე, ქვეყნის შიგნით დაკარგული ნდობა დაიბრუნა.
ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემის Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაშია ნათქვამი, რომელშიც მიმოხილულია ის ზომები, რომლებიც მიღებულია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
როგორც მასალის ავტორი ამბობს, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში დღემდე ამტკიცებენ, რომ კორონავირუსმა მათ გვერდი აუარა, სხვა დანარჩენმა ქვეყნებმა მკაცრი ზომები მიიღეს, ამასთან, ერთი ქვეყანა ყველაზე წარმატებით მოქმედებს.
“თურქმენეთის პრეზიდენტი ეპიდემიაზე არ საუბრობს. ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები არ აქვთ, თუმცა ქვეყანაში შეჩერებულია ფრენები, თანამემამულეები უცხო ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ, ქვეყნის შიგნით ერთგვარი კარანტინიც მოქმედებს – შეზღუდულია მოძრაობა, თუმცა – განმარტებების გარეშე. უზბეკეთი ცდილობს ეპიდემიის შეჩერებას გადაადგილების მკაცრი შეზღუდვებით, ასევე, ეკონომიკური საქმიანობის შესუსტებითა და სამედიცინო ნიღბების აუცილებელი ტარების მოთხოვნით. თურქმენეთის მსგავსად, COVID-19-ის ოფიციალური შემთხვევები დადასტურებული არც ტაჯიკეთშია – მხოლოდ ჭორებია. თუმცა, უეცრად კარანტინზე ერთ-ერთ პატარა ქალაქში ჰოსპიტალი დაიკეტა. ჩვეულ ცხოვრებაში ცვლილება თითქმის არ შეინიშნება. მუშაობენ სკოლები, ბაზრები, ხალხი ზეიმობს. ბელარუსის კოლეგის მსგავსად, ქვეყნის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი “პანიკას” გმობს, რომელიც ვირუსის ირგვლივ არის შექმნილი”, – წერს Neue Zürcher Zeitung-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ცუდად ისახება შრომის მძიმე პირობების მქონე ქვეყნებზე. ასე, მაგალითად, ყირგიზეთი, სადაც ასევე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და გადაადგილება იზღუდება, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 112 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
“კორონაკრიზისი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში “ავტოკრატების დროც” გახდა, ნაწილობრივ. ასე შეიძლება, ითქვას აზერბაიჯანსა და ყაზახეთზე. ორივე ქვეყანაში რეგიონში უმკაცრესი შეზღუდვებია დაწესებული. აზერბაიჯანში ყველაფერს დაემატა სახლიდან გამოსვლის ელექტრონული ნებართვის მიღებაც. ყაზახეთში მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა არეულობები გამოიწვია და, ამ ყველაფერზე ინფორმაციის გავრცელების გამო, ზეწოლის ქვეშ მედია და ბლოგერები აღმოჩნდნენ”, – აღნიშნული სტატიაში.
და, ამ ფონზე, აღნიშნულია ის ზომები, რომლებიც საქართველომ მიიღო.
“საქართველოში დაავადების პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე, მთავრობამ საჭირო ზომები დაუყოვნებლივ მიიღო. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა საზღვრები, მარტის ბოლოს დაიკეტა ყველა რესტორანი, კაფე და უამრავი მაღაზია. მაგრამ, პირველ ყოვლისა, საქართველოში, როგორც რეგიონში არცერთ ქვეყანაში, აღსანიშნავია ის, რომ მოხერხდა ინფიცირების ზრდის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ასევე, იმ პირთა იზოლირება, ვინც ინფიცირებულებთან იმყოფებოდა კონტაქტში. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად კარგად იმუშავებს საქართველოში აზიის მაგალითის სტრატეგია, მაგრამ მთავრობამ უკვე მიიღო დადებითი შეფასებები საზღვარგარეთიდან, ასევე, ქვეყნის შიგნით დაკარგული ნდობა დაიბრუნა. ამიტომ, საქართველო დამსახურებულად მიიჩნევა სამაგალითო ქვეყნად რეგიონში”, – წერს Neue Zürcher Zeitung-ი.