პანდემიის ფონზე, სამხრეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

15 აპრილს სამხრეთ კორეაში, პანდემიის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და, წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი კოალიაცია ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ირგვლივ საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტს მიიღებს. მმართველი გუნდის წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს პანდემიასთან ბრძოლისას, ცუდი კრიზისმენეჯმენტის გამო, მთავრობის რეიტინგი სწრაფად შემცირდა (მაგ. მარტის დასაწყისში ორი კვირის მანძილზე დაინფიცირებულთა რიცხვი 28-დან 5000-მდე გაიზარდა). თუმცა მარტიდან შემდგომ მთავრობამ აქტიურ ზომებს მიმართა და, ჯამურად, სამხრეთ კორეაში, 16 აპრილის მონაცემებით, 10.600 ადამიანია დაინფიცირებული. საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც 2020 წელს გეგმავენ არჩევნების ჩატარებას, შემდგომი დასკვნების გამოტანა შეიძლება:

• სამხრეთ კორეაში ჩატარებული არჩევნები წარმოაჩენს, რომ მთავრობებს შეუძლიათ, ეფექტური კრიზისმენეჯმენტის გატარების შემთხვევაში, პანდემიასთან ბრძოლისგან წინასაარჩევნოდ რეალური სარგებელი მიიღონ;

• სამხრეთ კორეამ კორონავირუსის გამომვლენი ტესტები მასობრივად ჩაატარა, აქტიურად გამოიკვლია ყველა ცნობილი ინფიცირების ჯაჭვი, მოახდინა ინფიცირებული პაციენტების მკაცრი იზოლაცია, მოახდინა ინფიცირებული საცხოვრებელი ადგილების დეზინფექცია, გაზარდა ინტენსიური მკურნალობისთვის საჭირო საწოლების რაოდენობა, დახურა ბიბლიოთეკები, კინოები და სასწავლო დაწესებულებები და აქტიურად იყენებს მობილურ აპლიკაციას დაინფიცირების შემთხვევების შესახებ;

• მთავრობის მხარდაჭერაზე აისახება ის ფაქტი, შეძლებს თუ არა ესა თუ ის მთავრობა პანდემიის პროცესის სუვერენულად გაკონტროლებასა და, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, დაინფიცირებულთა მცირე რაოდენობის შენარჩუნებას;

• ამომრჩევლის მიერ მთავრობის მხარდაჭერის მაღალ ხარისხზე აისახება, უპირველეს ყოვლისა, ეფექტური კრიზისნენეჯმენტი და არა – მთავრობის მიერ მიღებული ზომების შედეგად საზოგადოების ცხოვრებაში (შეზღუდვების სახით) ჩარევა, რადგან უკანასკნელი მეორეხარისხოვან როლს თამაშობს ამომრჩევლის პერსპექტივიდან, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესება დემოკრატიული ნორმების გათვალისწინებით მთავრობისადმი ამომრჩევლის მხარდაჭერაზე ნეგატიურად არ აისახება;

• სამხრეთ კორეაში ჩატარებული არჩევნების შედეგი, ასევე, გვიჩვენებს, რომ მთავრობის პოპულარობა, უმეტესწილად, დამოკიდებულია არა ფინანსური დახმარების პაკეტების (მაგ. როგორც აშშ-ში ან იაპონიაში) შემუშავებაზე (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პაკეტები პანდემიის თანმდევი ეკონომიკური კრიზისის გამო აუცილებელი ინსტრუმენტია), არამედ – იმ ფაქტზე, აქვს თუ არა მთავრობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების სადავეები ხელში;

• აღსანიშნავია, რომ მთავრობამ იმ ოჯახების 70%-ს გამოყო ფინანსური დახმარება, რომლებსაც, სოციალური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო, დახმარება ესაჭიროებოდათ. მთავრობამ, ასევე, შეიმუშავა ფინანსური დახმარების პაკეტი კომპანიებისთვის (ჯამურად, ფინანსური დახმარების პაკეტის მოცულობა 125 მილიარდ ევროს შეადგენდა);

• სამხრეთ კორეაში, თავდაპირველად, მსჯელობა მიმდინარეობდა პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარების შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ჩატარების სასარგებლოდ მიიღეს. საზღვარგარეთ მცხოვრებ კორეელებს, უმეტესწილად, არ ჰქონდათ არჩევნებში მიღების საშუალება დიპლომატიური წარმომადგენლობების დროებით დახურვის გამო. ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი წერილობითი ფორმატში ან საარჩევნო ურნასთან დაეფიქსირებინათ. ხელისუფლებამ ამომრჩეველს არჩევნებამდე მოუწოდა, უპირატესობა მიენიჭებინათ წერილობითი სახით ხმის მიცემისთვის;

• საარჩევნო უბანში შესვლამდე მოხდა ამომრჩევლის სკრინინგი და მხოლოდ იმ ამომრჩევლების დაშვება ხმის მისაცემად, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ;

• ამომრჩევლებს, რომლებიც მკურნალობის მიზნით საავადმყოფოებში იმყოფებოდნენ, ასევე, ჰქონდათ ხმის მიცემის საშუალება;

• მათ, ვინც კარანტინში იმყოფებოდა, მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში მიეცათ ხმის მიცემის უფლება და აღნიშნულ მოქალაქეებს აეკრძალათ საარჩევნო უბნამდე საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები