სუს-ი: 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები შეწყდა
“2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად სოფელ ერგნეთში შეწყდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები”, – ამის შესახებ სუს-ის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა.
“გასულ წელს საოკუპაციო ძალამ და დე ფაქტო რეჟიმებმა კვლავ უარი განაცხადეს არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით შემხვედრი ნაბიჯები გადმოედგათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს ყველა არსებული მექანიზმის და სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათ მიერ მართულმა დე-ფაქტო რეჟიმმა, ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების ირგვლივ ინსპირირებული პროპაგანდისტული კამპანიის ფონზე, უსაფრთხოების გარემოსთან ერთად, კიდევ ერთხელ დააზიანეს IPRM-ის ფორმატი. იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების მოქმედება შეწყვეტილია, აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების უზრუნველსაყოფად.
ასევე ნიშანდობლივია, რომ სოფელ ერგნეთში ჩატარებული IPRM-ის შეხვედრების შეწყვეტამდე შემაშფოთებელი ხასიათი შეიძინა მათი რაოდენობის შემცირებამ, რასაც ყოველთვიური შეხვედრების ხასიათი აღარ ჰქონდა.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, ცენტრალური ხელისუფლება ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით განაგრძობდა ძალისხმევას ქ. გალში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის მიმართულებით, თუმცა საოკუპაციო ძალების მხრიდან, სამწუხაროდ, არ მოხდა ანალოგიური მიდგომის დაფიქსირება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მართული „ცხელი ხაზი“ წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციას და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას.
„ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა გალსა და ერგნეთში IPRM-ის შეხვედრების შეწყვეტის პირობებში. სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო რეჟიმების მხრიდან ამ მიმართულებითაც დაფიქსირდა ნეგატიური ტენდენციები. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო დაკავებების შესახებ დროულად არ ზიარდებოდა ინფორმაცია და გვიანდებოდა პასუხი სამედიცინო ევაკუაციების დროს. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაფიქსირდა „ცხელი ხაზით“ პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაზიარების შემთხვევები.
საანგარიშო პერიოდში შენარჩუნდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურების ზრდის ტენდენცია. 2019 წელს აღნიშნული ინსტრუმენტი 2362-ჯერ იქნა გამოყენებული. აქედან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა 673-ჯერ, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებაზე „ცხელი ხაზის“ გააქტიურების რიცხვმა შეადგინა 1689”, – აღნიშნულია ანგარიშში.