მამა პეტრე: ჩემთვის გაუგებარია, როცა მეუბნები, რომ ეკლესიის კარი არ იქნება დაკეტილი, მაგრამ იქ ნუ მიხვალ და ნუ ილოცებო
“ჩემთვის გაუგებარია, როცა მეუბნები, რომ ეკლესიის კარი არ იქნება დაკეტილი, მაგრამ იქ ნუ მიხვალ და ნუ ილოცებო”, – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მამა პეტრე აცხადებს, ჯობდა, მთავრობას პირდაპირ ეთქვა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მრევლი საერთოდ აღარ უნდა მივიდეს ეკლესიაში და წირვა -ლოცვა მარტო სასულიერო პირებმა ჩაატარონ. მამა პეტრეს განცხადებით, ეს პოზიცია მისთვის უფრო გასაგები იქნებოდა.
„ჩვენ არავინ ვდავობთ იმაზე, რომ არ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთმანეთის სიცოცხლეს არ უნდა გავუფრთხილდეთ. თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვიყოთ მართლმადიდებლები, მაშინ რელიგიისთვის ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ეს არის, ალბათ, ყველაზე დიდი რელიგიური ურთიერთობა და, ზოგადად, ქრისტეს სიყვარული ადამიანების გაფრთხილებითა და სიყვარულით იწყება. მაგრამ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკლესიის კარები არ მიიხურება და გამორიცხულია, განსაკუთრებით – აღდგომის დღესასწაულზე ეკლესია დაიკეტოს, ორ ურთიერთგამომრიცხავ პოზიცასა და აზრთან გვაქვს შეხება.
პირველი: თუ ვამბობთ, რომ ეკლესია არ უნდა დაიკეტოს, ეს მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ მეორე – პილატე პონტოელვით, როცა სხვას ვახოცავთ ხელებს და ვამბობთ, შენ კი არ გიკრძლაავ ლოცვას და ეკლესია კი არ იკეტება, მაგრამ შენ სინდისსა და საზოგადოებრივ აზიროვნებაზე იყოს ის, რომ შენ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში.
მესამე: როცა ვამბობთ, რომ მთავრობა გახდა ძალიან მოწყალე და გაითვალისწინა ჩვენი რელიგიური ღირებულებები, რომ აღდგომის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში და ამასთანავე აცხადებს, რომ მრევლი არ უნდა მივიდეს, თავად ეკლესიის წევრებმა არ უნდა მოუწოდონ მრევლს, ეკლესიაში წირვა-ლოცვას დაესწრონ, თითქოს, იკვეთება მომენტი, რომ მე ხელები დამიბანია, არაფერ შუაში ვარ: ტაძარი იქნება ღია, მაგრამ თავად სასულიერო პირებმა უნდა აიძულონ საკუთარი სულიერო შვილები, რომ ღამისთევით წირვა -ლოცვას ტაძარში არ დაესწრონ. ეს, თითქოს, სხვაზე გადაბრალების მომენტია, სხვას აჰკიდო პასუხისმგებლობა და შენ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩე.
ბუნებრივია, ყველა ჩვენგანის უპირველესი ამოცანაა ის, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როცა მეუბნები, ეკლესიის კარი არ იქნება დაკეტილი, მაგრამ იქ ნუ მიხვალ და ნუ ილოცებო. ამ პოზიციას ჯობდა, პირდაპირ და მკაფიოდ ეთქვათ: საფრთხე ძალიან დიდი და სერიოზულია იმიტომ, რომ აქამდე ასე უმტკივნეულოდ მოვედით, ამდენი გამოჯანმრთელებული გვყავს, მოდით, ბოლომდე ღირსეულად მივიყვანოთ ეს საკითხი და ჯობს, მრევლი საერთოდ აღარ მივიდეს ეკლესიაში და მარტო სასულიერო პირებმა ჩაატარონ წირვა-ლოცვა. ეს პოზიცია ჩემთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე – ის ორაზროვანი განცხადებები“, – განაცხადა მამა პეტრემ „კვირასთან“ საუბრისას.
როგორც მამა პეტრე აცხადებს, მისთვის ასევე გაურკევევლია, შეუძლია თუ არა თბილისიდან მცხეთაში ჩავიდეს და საღვთო ლიტურგიას დაესწროს.
„ასევე, მნიშვნელოვანი დეტალი: დღეიდან 4 დიდი ქალაქი იკეტება და მკაცრი კარანტინი ცხადდება. პირადად მე, როგორც ღვთისმსახური, ვმოღვაწეობ სვეტიცხოვლის ტაძარში. ანუ მცხეთაც, პრაქტიკულად, თბილისს მიღმა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ცხელი ხაზი არსებობს, გუშინდელი დღიდან ვრეკავ და ერთხელაც ვერ დავუკავშირდი, მართლა მაინტერესებს, ვერ გავიგე, თუ მე თბილისიდან მცხეთაში გადაადგილება მომინდა იმიტომ, რომ იქ წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს და, როგორც ღვთისმსახურმა, თანამონაწილეობა უნდა მივიღო, ამ შემთხვევაში, მე დავჯარიმდები იმის გამო, რომ კანონს დავარღვევ თუ ჩემთვის,როგორც სასულიერო პირისთვის რაღაც გამონაკლისი დაიშვება? ეს საკითხი ღიად რჩება, ამაზე პასუხი არ მაქვს.
მრევლსაც აინტერესებს პასუხი. მერე რა, რომ ტაძარი არ დაიკეტება, თუ ტაძრამდე მისასვლელი გზა იქნება ჩაკეტილი, ბუნებრივია, ტაძარი ჩემთვის ისედაც დაკეტილი იქნება.
დარწმუნებული ვარ, მთავრობა შაბათამდე ისევ საგაგებო განცხადებას გააკეთებს და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ეს განცხადება ბევრად უფრო მკაფიო და ყველასთვის გასაგები იქნება“, – განაცხადა მამა პეტრემ.
თამუნა შეყილაძე