„1978 წლის 14 აპრილს სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 9 აპრილის მსგავსი თავგანწირვით იხსნა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი“

„სააპრილო მოგონების გამო“  – ლიტერატორი ლალი ურდულაშვილი  დედაენის დღესთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე მოგონებას აქვეყნებს.

„ეს მონათხრობი რატომღაც წლევანდელმა 9 აპრილმა გამახსენა, არადა დიდი ხნის წინ მიამბო ბატონმა რეზო სირაძემ“, – წერს ლალი ურდულაშვილი. 

„მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებდა თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. 8 აპრილს სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ. უნივერსიტეტის სტუდენტობა მოედანზე იყო თავმოყრილი. აქვე იყვნენ დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. მოძრაობა აზვირთდა და ერთიანი ეროვნული დაუმორჩილებლობის წამლეკავ ტალღად იქცა.
8 აპრილს, დღისით, თემურ მაღლაფერიძე მოვიდა ჩემთან სახლში. ჩემი შვილი გია და მისი ვაჟი ვასიკო, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე იყვნენ მრავალათასიან მომიტინგეებთან ერთად. თემურს საერთოდ გული აწუხებდა. მითხრა: ჩემი გულის პატრონი იმ სიმჭიდროვეში ვერ შევძლებ სიარულს, იქნებ მოძებნო ვასიკო და გააფრთხილო, რა საშიშროებაც ელით,– მხოლოდ შენ დაგიჯერებს ,– აუცილებლად სისხლი დაიღვრება, რუსები არ გვაპატიებენო.
მე რუსთაველზე გავედი. ისეთი სიმჭიდროვე იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა. როგორღაც გავიკვლიე გზა და ვასიკო მოვძებნე. განზე გავიხმე და ავუხსენი საქმის ვითარება, ვთხოვე, შინ დაბრუნებულიყო, თემურის სუსტი გული და ნერვები ვერ გაუძლებს ამ ნერვიულობას-მეთქი. ვასიკომ დინჯად მომისმინა და გადაჭრით მითხრა, ფიცი გვაქვს დადებული, ვერ გავტეხთო. ბევრი ვეხვეწე, შინ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. გამოვბრუნდი და უნდა გამოვტყდე, გულში მიხაროდა კიდეც, რომ არ დამიჯერა. დავინახე, რომ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საკუთარ სიცოცხლესაც არ დაზოგავდნენ. სამშობლოს გრძნობა, მამულის განცდა იყო უზენაესი, ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული იქ მყოფი ახალგაზრდებისათვის. სწორედ ამ თავგანწირვამ შვა 9 აპრილის გმირები.

ლალი ურდულაშვილი

ბატონი რეზო ხშირად ამბობდა, რომ თითოეული ადამიანი განუმეორებელია არა იმიტომ, რომ ის სხვაზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ის ერთადერთია, თავისთავადია, სხვისგან გამორჩეულია თავისი ინდივიდუალობით. ამიტომაც გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს, ის „მარტოკინა“ თავისთავში მთელ სამყაროს იტევს.
ბესიკ ხარანაული კი ამავე აზრს შემდეგნაირად აყალიბებს: ერთი ადამიანი მილიონჯერ მნიშვნელოვანია ათას საზოგადოებაზე.
სწორედ 9 აპრილის ტრაგედიის წინა დღეს, გაოცებული შევყურებდი რუსთაველის გამზირისკენ აჩქარებული ნაბიჯით მიმავალ ოთარ ჩხეიძეს. მისი გამომეტყველება სიხარულის არანაირ ნიშატს არ ამჟღავნებდა, პირიქით, იყო საოცრად მოქუფრული, დარდიანიც კი და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უერთდებოდა ის ამ საერთო მხიარულებას მაშინ, როცა სრულიად საქართველო საყოველთაო აღტაცებას მოეცვა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ოთარ ჩხეიძემ წინასწარმგრძნობი გულით უწყოდა ის, რაც ტრაგედიად უნდა დატრიალებულიყო თბილისის ქუჩებში სულ რამდენიმე საათში.
გვიან გავაანალიზე, რომ ოთარ ჩხეიძეც, დოჩანაშვილისა და ხარანაულის მსგავსად, იმ კატეგორიის მოაზროვნე იყო, რომლისთვისაც ერთის პიროვნული მთლიანობის სიდიადე მთელი სამყაროს მთლიანობას უტოლდებოდა. ამიტომაც, სხვათაგან განსხვავებით, ის კი არ მხიარულობდა, გონიერი გულით გუმანობდა იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ცოტა მოგვიანებით სრულიად საქართველოსთვის მწარე რეალობად იქცა.
დიდები იმიტომაც არიან დიდები, რომ სხვებზე ადრე ჭვრეტენ მოსალოდნელს.
დღეს 14 აპრილია – ქართული სახელმწიფო ენის დღე. იმ დღესაც, 1978 წლის 14 აპრილს, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 9 აპრილის მსგავსი თავგანწირვით იხსნა ქართულის – როგორც სახელმწიფო ენის– სტატუსი, მაშინაც ქართული უნივერსიტეტი, მისი პროფესურა და სტუდენტობა ედგა სათავეში ამ საყოველთაო მოთხოვნას. საბედნიეროდ, მაშინ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა, გადარჩა ენა, ერთი – სამ უწმინდესთაგანი“, – წერს ლალი ურდულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები