რამაზ საყვარელიძე: საერთაშორისო არენაზე ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა გაიმართება
“რთულია, წინასწარ განსაზღვრო, როგორი შეიძლება, იყოს შეცვლილი სამყარო და გადაფასებული ღირებულებები. დღეს ყველაზე რთული ვითარება დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკასა და ევროპაშია. ამ ქვეყნებში შემაშფოთებელია კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტოლოგმა ინტერვიუში საქართველოსა და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარება შეაფასა.
“რთულია, წინასწარ განსაზღვრო, როგორი შეიძლება, იყოს შეცვლილი სამყარო და გადაფასებული ღირებულებები. თუმცა შტრიხების დანახვა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, დღეს ყველაზე რთული ვითარება დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკასა და ევროპაშია. ამ ქვეყნებში შემაშფოთებელია კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი. შესაბამისად, ადამიანებმა გადააფასეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დასავლეთისა და ამერიკის ყოვლისშემძლეობა. კრიზისის შემდეგ ევროპელები და ამერიკელები დაიწყებენ ფიქრს, თუ რა იყო არასწორი მათ პრიორიტეტებში, ცხოვრების წესში… ამერიკა და ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებენ. ტრამპი ჩინეთს ყოველთვის სტრატეგიულ მეტოქედ განიხილავდა, თუმცა ახალია ბრიტანეთის კრიტიკული პოზიცია. ეს ახალი მოცემულობა მეტყველებს იმაზე, რომ საერთაშორისო არენაზე ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა გაიმართება. ნიშანდობლივად მეჩვენება ერთი ფაქტორი – პეკინმა “კაპიკებად” იყიდა ჩინეთში არსებული უცხოური საწარმოები, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო გაკოტრდნენ. არადა, ჩინეთი თავის დროზე სწორედ ამ საწარმოებმა დააყენა ფეხზე. დასავლეთის ბიზნესწრეები ოფიციალური პეკინის ამ ქმედებას უმადურობად და ღალატად მიიჩნევენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დასავლეთმა ჩინეთს თავისი რესურსი უკან გამოაცალოს. ევროპელი ლიდერები უკვე ლაპარაკობენ საწარმო რესურსების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების თაობაზე. ეს კი თავისთავად ნიშნავს ჩინეთის ეკონომიკაზე შეტევას. პოსტკრიზისული პერიოდიდან ყველაზე ნაკლები დანაკარგით რა თქმა უნდა, ჩინეთი გამოვა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველაზე წარმატებულად დააღწია თავი მის წიაღში გაჩენილ უბედურებას. ასევე მის ხელში გადავიდა დიდი საწარმო რესურსი. თუმცა არა მგონია მისი წინააღმდეგობა დაუძლეველი იყოს ამერიკისთვის, თუ გვერდით ევროპაც დაუდგება. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთი ახლა თავად არის ძალიან რთულ ვითარებაში და ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება მისი “კორონიზაცია”. მით უფრო ძნელია თქმა, როგორ შეიცვლება პუტინის ავტორიტეტი. მგონი, რუსეთს პანდემიის მხრივ იმაზე გაცილებით დიდი პრობლემა აქვს, ვიდრე ასაჯაროებს. განსაკუთრებით საეჭვოა ვითარება ციმბირში, რომელიც სრულიად ღიაა ჩინეთისთვის”, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, კორონაკრიზისმა ყველას ანახა, რომ საქართველოში მხარდაჭერის, სოლიდარობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე – ევროპაში.
“შუა პანდემიის პერიოდში, ისევე, როგორც შუა ომის დროს, ადამიანი მობილიზებულია, მაგრამ როგორც კი საფრთხე გადაივლის, მაშინვე ეწყება ფსიქოლოგიური კრიზისი. ახლახან ფსიქოლოგებს საშუალება მოგვეცა პანდემიასთან დაკავშირებულ კვლევებს გავცნობოდით და ერთი რამ მომხვდა თვალში – დასავლური ქვეყნების მოსახლეობისთვის ზოგიერთ კვლევაში ასეთი შინაარსის კითხვები იყო: გრძნობთ თუ არა სახელმწიფოს ყურადღებას? ფიქრობთ თუ არა, რომ მარტო ხართ? ესე იგი დასავლურ სინამდვილეში ადამიანის მარტო დარჩენის თემატიკა გახდა აქტუალური. საქართველოში რა ხდება? ჩვენ მოგვიწოდებენ, გვთხოვენ, ცოტა ხნით მაინც დავრჩეთ მარტო. კორონაკრიზისმა დაგვანახა, რომ საქართველოში მხარდაჭერის, სოლიდარობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. შესაბამისად, პანდემიის შემდეგ განსხვავებული იქნება ადამიანების ფსიქოლოგიური განწყობები საქართველოსა და ევროპაში. მაინტერესებს, მსგავსი კვლევა რა ტენდენციებს გამოკვეთს აღმოსავლური მენტალიტეტის ქვეყნებში. არსებობს სტრესის სამი ფაზა: შფოთვის, რეზისტენტულობისა და გამოფიტვის. შფოთვის სტადიაზე ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები და ა.შ. ამგვარი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა ვერ დასძლია სტრესი; რეზისტენტულობის სტადიაზე მიმდინარეობს ორგანიზმის ბრძოლა იმისთვის, რომ გაუმკლავდეს სტრესორს და შესაძლოა მისი მცდელობა წარმატებითაც დამთავრდეს, ანუ ინდივიდი გაუმკლავდეს სტრესს; მესამე, ანუ გამოფიტვის ეტაპი დგება მაშინ, თუ ადამიანმა ვერ დასძლია სტრესი რეზისტენტულობის სტადიაზე. გამოფიტვის სტადიაზე მიმდინარეობს ორგანიზმის დაცლა ენერგეტიკული რესურსებისგან. პირველი და მეორე სტადიებისგან განსხვავებით, ამ დროს სტრესი უკიდურესად საშიში ხდება ჯანმრთელობისათვის, იმუნიტეტი ნულამდე ეცემა. ასე რომ, ადამიანი მდგრადი რომ იყოს ავადობის წინააღმდეგ, უპირველესად მდგრადი უნდა გახადო სტრესის წინააღმდეგ”,- განმარტა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, კორონავირუსმა სხვა ბევრ რამესთან ერთად, ოპოზიციაც შეცვალა.
“რაც შეეხება პოლიტიკოსების ერთობას ვერ ვიტყოდი, რომ ერთობა არ შედგა. თუ გავიხსენებთ 2019 წლის შემოდგომასა და ზამთარში რა ხდებოდა, ერთობას კი არა, სიყვარულის დიდ თაიგულსაც ვხედავ. ოპოზიცია დღეს თავისი სიჩუმით გამოხატავს სოლიდარობას. თუმცა ეს უფრო ხალხის დამსახურებაა. უკვე ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას მხოლოდ ხელისუფლების გინებითა და კრიტიკით ვეღარ მოიპოვებ. კორონავირუსმა სხვა ბევრ რამესთან ერთად, ოპოზიციაც შეცვალა. იმედია, სტრატეგიასაც შეცვლიან და პროდუქტიულები გახდებიან. მხოლოდ გლობალური პოლიტიკა კი არა, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაც შეიცვლება. ვფიქრობ, გასაქანი მიეცემა ადგილობრივი რესურსების განვითარებას. დღემდე პროდუქტის გარედან შემოტანა უფრო იაფი გვიჯდებოდა, ვიდრე საკუთარის წარმოება, საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ უარი გვეთქვა პროტექციონისტულ პოლიტიკაზე. უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ ყველა ქვეყანა თავად იწყებს ზრუნვას საკუთარ მოსახლეობაზე. ასეთი მიდგომა გლობალიზაციის პროცესს შეაჩერებს და ეს ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება. აღარავინ დაგვიწყებს ჭკუის სწავლებას, შენი ნიორიც ისევე გაყიდე, როგორც ჩინურიო, მით უმეტეს, ჩინურ ნიორზე ხმას აღარავინ ამოიღებს, რადგან ევროპა მიხვდება, რომ გლობალიზაციის სტრატეგიის გატარების შემთხვევაში ისევ ჩინეთი გაიმარჯვებს”, – აღნიშნა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ყველა მთავრობა ქვეყანას თავისი ხალხის ისტორიის, ტრადიციების გათვალისწინებით უნდა მართავდეს.
“ერთი ვერსიით ვირუსის გავრცელებას გლობალისტები ტრამპის წინააღმდეგ იყენებენ მსმენია ეს ვერსია და რეალობისგან შორს არ არის. არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა. შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგალითად, თოვლი მოვიდეს და თხილამურების მწარმოებლებმა ნახონ ხეირი, ან წვიმა მოვიდეს და ქოლგების მწარმოებლებმა იხეირონ. ხეირის ნახვა ერთია, მაგრამ ვერც თოვლის და ვერც წვიმის მოყვანაში ამ ფირმებს ვერ დაადანაშაულებ. დღეს ყველა ცდილობს სასწორის თეფშის თავის მხარეს გადაქაჩვას. როგორც კი კრიზისი დაიწყო, ინგლისის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, მსოფლიოს გლობალური მმართველობა სჭირდებაო, ტრამპი და მისი თანამოაზრეები კი ფიქრობენ, რომ ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მართოს საკუთარი ხალხი. მე თუ მკითხავთ, ჩვენს ქვეყანას ტრამპის პოლიტიკა უფრო წაადგება. ყველა მთავრობა თავისი ხალხის ისტორიის, ტრადიციების გათვალისწინებით უნდა მართავდეს ქვეყანას”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.