მცხეთაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – შალვა კერესელიძის, მცხეთის მაჟორიტარი-დეპუტატის – დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ მცხეთაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი- გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელსა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – ილია ჯიშკარიანთან ერთად სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მცხეთის მუნიციპლაიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაო მოიცავს ქუჩებისა და ტროტუარების მორეცხვას, არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების, სკვერების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და საბავშვო მოედნების დეზინფექციას.
“სადეზინფექციოდ გამოყენებული საშუალებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხოა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციები და, რაც მთავარია, დარჩით სახლში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში პერმანენტულად, გეგმის მიხედვით განხორციელდება. კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.