მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში დაემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე პაციენტი შიდა გავრცელების შედეგია
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში შეყვანილი ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, კლინიკაში 18 პაციენტია, მათგან ცხრა დადასტურებული შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, 1 პაციენტია საყურადღებო, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.
„დღეის მდგომარეობით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია ცხრა პაციენტი. დღევანდელი მდგომარეობით, დაემატა ორი ახალი შემთხვევა. ორივე პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი პაციენტიდან რუსთავიდან არცერთი არ არის. როგორც მაქვს ინფორმაცია, მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის.
ერთი პაციენტია საყურადღებო. თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.