“ჯორჯიან მანგანეზი” მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის დამზადებულ რესპირატორებს გადასცემს

“ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის საქართველოში დამზადებულ, მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის წარმომადგენლებს კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, სწორედ ამიტომ, კომპანია მათ ადგილობრივი წარმოების რესპირატორებს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

“კომპანია ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევას სრულად იაზრებს. მიგვაჩნია, რომ მედიას დღეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და ცდილობენ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესახებ საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იყოს.
“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი:
“ვაფასებთ ყველა იმ მედიის წარმომადგენლის საქმიანობას, რომელთაც ვირუსის უშუალო გავრცელების არეალში მუშაობა ხშირად უწევთ.
დარწმუნებული ვართ, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანლები და ხელისუფლება დღეს აქტიურად ზრუნავენ ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გვსურს, მათი საქმიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენც გამოვხატოთ.
ამავდროულად, “ჯორჯიან მანგანეზი” მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში გააზრებული კომპანიის დღევანდელი როლი და მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში, აქტიურად აშუქებს ჩვენი დასაქმებული ათასობით მაღაროელისა თუ მეტალურგების საქმიანობას და აფასებს მათ შრომას!
მნიშვნელოვანია, რომ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კომპანიას არცერთ ეტაპზე საქმიანობა არ შეუჩერებია, შეუფერხებლად ქმნის იმ დოვლათს, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება.
აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქართული წარმოების რესპირატორები კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგა და დღეს დასაქმებულები საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობენ. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ წარმოების უწყვეტი ციკლი, დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები, ქართული ეკონომიკა და სახელმწიფოს ინტერესები!
გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო მალე გაუმკლავდება ყველა იმ რთულ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას”, –  ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები