კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, შიდა ქართლში ,,ცხელების ცენტრები” ამოქმედდა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შიდა ქართლის რეგიონებში  ,,ცხელების ცენტრები” ამოქმედდა. მოქალაქეებს შეეძლებათ, 112-ში დარეკვის შემთხვევაში კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.
ინფორმაცია ,,გორმედის ” ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ვალის ჭეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
,,ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები რამდენიმე საფეხურს მოიცავს და საკმაოდ ეფექტურია.
პირველი – მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს გაკეთდა 112-თან ერთად ჩაირთო ცხელი ხაზი, სადაც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ კვალიფიციური ოჯახის ექიმები, რომლებიც სპეციალურად დატრენინგდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული ექიმები უკავშირდებიან პაციენტებს, რომლებსაც რაიმე პრობლემა აქვთ, რაიმე სიმპტომატიკა აქვთ. სპეციალური ალოგორითმის მიხედვით ხდება შეფასება, როგორ უნდა მოიქცეს შემდგომ პაციენტი. თუ აქ არ არის არავითარი ნიშანი გამოხატული, პაციენტი რჩება სახლში და გაწერილია თარიღების მიხედვით, რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავუკავშირდეთ ისევ ამ პაციენტს. პარალელურად, ჩვენ ვართ ინტერაქტივში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს არ ველოდებით, ჩვენ თვითონ ვუკავშირდებით.
მეორე საფეხური არის ე.წ. ცხელების ზონები, ანუ გამოყოფილია სპეციალური სივრცე ჩვენს დაწესებულებებაში, სადაც საეჭვო პაციენტები ხვდებიან. 112-თან კონტაქტის საფუძველზე, ჩვენი ექიმის რეკომენდაციით გადის 112 გამოძახებაზე და მოყავს საეჭვო პაციენტი კლინიკაში, სადაც უტარდება პროტოკოლით გაწერილი კვლევები. ის პაციენტები, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას, ბრუნდებიან სახლში, ის შემთხვევები კი, რომლებიც საჭიროებს შემდეგ რეფერალს, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ხდება მათი რეფერირება. შიდა ქართლის რეგიონში სპეციალურ ცხელ ხაზს სრულად ემსახურება ,,გორმედის“ ქსელი, რაც შეეხება ე.წ. ცხელების ზონებს, მოქმედებს ,,გორმედის“ ქსელის გორის კლინიკასა და ხაშურის კლინიკაში. ამ მომენტისათვის აბსოლუტურად შეიარაღებულია საავადმყოფო იმისათვის, რომ ყველა შემთხვევა მკაცრად, პროტოკოლის მიხედვით მართოს.

გუშინ ჩაირთო ეს ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცხელების ზონები. დაახლოებით 12-მდე პაციენტმა მოგვმართა. 12-დან 7 პაციენტი არ საჭიროებდა შემდეგ მკურნალობას და ძალიან სწრაფად იქნა გაშვებული ბინაზე, დანარჩენი პაციენტები ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ არცერთ პაციენტს არ აღენიშნება კოვიდ19-ის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, არც კლინიკურად და არც ანმნეზგამოკვლევით“.- განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები