პრემიერი: საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს
“საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები.
“მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშინ წინაც დავაფიქსირეთ, სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ გვენახა საავადმყოფო და მისი მზაობა.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ეს ჩვენთვის სულ ერთია და, რა თქმა უნდა, იქ, სადაც გვექნება შესაძლებლობა და საშუალება, მივეხმარებით ყველას როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე, ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.