თეატრის საერთაშორისო დღე და ელისაბედ ჩერქეზიშვილის „პორტრეტი“

„27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. დიდი ელისაბედ ჩერქეზიშვილის „პორტრეტიდან” გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს, თეატრალებო და არათეატრალებო“… – წერს ფეისბუქის გვერდზე თეატრმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი.
„ერთი მუჭა ქალი იყოო…
1949 წლის 19 ოქტომბერი. გალაკტიონ ტაბიძე:
,,გარდაიცვალა ელისაბედ ჩერქეზიშვილი. ვერის ხიდთან, სადაც დარიალისკენ მიმავალი ავტობუსების ბილეთებსა ჰყიდიან, ისიც იდგა თურმე რიგში, ბოლნისში გასამგზავრებლად. იქ წარმოდგენაზე იყო მიწვეული, ,,ხანუმა” უნდა ეთამაშნა. ბოლნისიდან კვერცხები უნდა ჩამოვუტანო ჩემს შვილსო… უეცრად გული შეუწუხდა, ჩაიკეცა და გათავდა კიდეც….წავიდა ამ სანაპიროდან იმ სანაპიროში ელისაბედ ჩერქეზიშვილი“.
მისი თამაშით, სამსახიობო ნიჭით მოხიბლულნი იყვნენ და მეგობრობდნენ მასთან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი… გალაკტიონ ტაბიძე და მრავალი სხვა…
1863 წელს დაბადებულა ქართლში .მეორე მეუღლე საზოგადო მოღვაწე, ნიკო ხიზანიშვილი იყო, რომელიც მალე გამოეცალა გვერდიდან. უფროსი ქალიშვილი გადაუსახლეს, ერთი ვაჟიშვილი მოსკოვში გარდაეცვალა, მეორს ტუბერკულოზი სჭირდა და დიდი მსახიობი ხშირად რაიონებში დადიოდა წარმოდგენებით, პროდუქტი რომ ეშოვა და შვილისათვის მიეხედა. ასეთი დრო იყო მაშინ… ამჯერად ბოლნისში მიდიოდა თურმე…
პატარა ტანის, მუდამ და ყველგან ქართული კაბითა და თავდახურული დადიოდა, თავსაიით, ლეჩაქითა და ალმასის ქინძისთავიანი დაბალი ჩიხტით. უხდებოდა თბილისის ქუჩებს. გახლდათ შესანიშნავი მექართულე, ქართული ცეკვის შესანიშნავი მცოდნე და დიდი მსახიობი. ჯერ რუსთაველის თეატრში იყო, მერე – მარჯანიშვილში.
დღევანდელ თაობას აღარც ახსოვს და ახალმა თაობამ არც იცის, ვინ იყო… ხანდახან რომელიმე არხზე ,,ქეთო და კოტეში“ გაიელვებს ხოლმე..
მისი გახსენებით გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს!“ – წერს ნოდარ პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები