“დიდი ალბათობით, მერაბიშვილმა“ორ გვამზე “ ბრძანება სააკაშვილისგან მიიღო“
ვანო მერაბიშვილის განმარტებას, რომ მუხროვანის სკანდალურ კადრებში “ორ გვამში“ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები იგულისხმა, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ ექსპერტმა “კვირას“ ე.წ. მუხროვანის ამბოხისა და სკანდალური კადრების შეფასებისას განუცხადა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყოფილი შს მინისტრი “ორ გვამში“ გია კრიალაშვილსა და კობა ოთანაძეს გულისხმობდა. თავდგირიძის თქმით, მუხროვანის თემა ჩვეულებრივი პროცესი იყო, რომელსაც შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ამბოხების სტატუსი მისცეს და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს.
“ არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილსა და იქ მყოფ ძალოვანებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რეალურად მაშინ მუხროვანში. ეს თავიდან ჩვეულებრივი პროცესი იყო, რომელიც გარკვეულ ინციდენტამდე მივიდა. არ შეიძლება გვამებზე ისაუბრო, როცა იცი, რომ სიტუაცია ესკალირებული არ არის და არც მეამბოხეებს შორის, შიგნით ყოფილა დაპირისპირება. ასე, რომ მერაბიშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ გვამებში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იგულისხმა“,- განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვისი დავალებით მიიღო მერაბიშვილმა ხსენებული ბრძანების გაცემის დავალება, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილს იმ პერიოდში დამოუკიდებელი პოლიტიკური ინტერესები არ ჰქონდა, ამიტომ დიდი ალბათობა არსებობს, რომ მან ეს ბრძანება უშუალოდ სააკაშვილისგან მიიღო.
“ვანო მერაბიშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც სააკაშვილის გადაწყვეტილებების ყველაზე ზუსტი და პირდაპირი შემსრულებელი იყო. მერაბიშვილის უწყება რომ თავდაცვის სამინისტრო ყოფილიყო, ვიფიქრებდით, რომ ყოფილი შს მინისტრი გაღიზიანდა იმით, რომ მის უწყებაში ხდება რაღაც, რასაც შესაძლოა მისი კარიერა გაეფუჭებინა. მაშინ შეიძლებოდა გვესაუბრა იმაზე, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. თუმცა, დანაშაული მის კისერზეა, რადგან მან წარმოთქვა ეს სიტყვები და სამხედროებზე დავალება დე ფაქტოდ გასცა.
ექპერტის თქმით, გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილს ადამიანების ლიკვიდაციის არანაირი ლეგიტიმური უფლება არ ჰქონდა.
“ყველა წესდებასა და ნორმატიულ აქტში წერია, რომ ბრძანება მარტივი უნდა იყოს, ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო მიზნებს უსახავდეს შემსრულებელს. როდესაც სპეცნაზელი ან სპეცჯგუფი მიდის დავალებაზე, მათ აქვთ ნორმატიული აქტები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამა თუ იმ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვიხილეთ კრიმინალური სახის ბრძანების გაცემის ფაქტი. ევროპულ ქვეყნებში, კლასიკურ პოლიციურ სტრუქტურებში, ასეთი სახის განკარგულების გაცემის უფლება არავის არ აქვს. ვერავინ დამაჯერებს, რომ შს სამინისტროს ხელძღვანელმა არ იცოდა, რომ ლიკვიდაციის ბრძანება არ გაიცემა. მსგავსი ბრძანება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში გაიცემა, როცა ოპერაცია პიკს აღწევს, როცა ვიღაცის ქმედება მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლეს პირდაპირ ემუქრება “, – განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ.