კორონავირუსი და ხალხმრავლობა ეკლესიებში – განსხვავებული მოსაზრებები სასულიერო პირებში და მწვავე დისკუსია

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. იზღუდება ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

უნდა შეიზღუდოს, თუ არა ეკლესიებში საგანგებო მდგომარეობის დროს წირვა-ლოცვაზე მრევლის დასწრება, უნდა შეიცვალოს, თუ არა ერთი კოვზით ზიარების წესი – ესაა საკითხები, რომლებზეც ბოლო პერიოდია მწვავე დისკუსია მიმდინარეობს.

გასულ კვირას ეკლესიებში ღვთისმსახურება ჩვეულებისამებრ შესრულდა. სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გაითვალსიწინებენ რეკომენდაციებს და მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. განცხადება პატრიარქმაც გააკეთა.
„გეუბნებიან, შორიშორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

მიუხედავად რეკომენდაციებისა, ტაძრების ნაწილში მრევლი დისტანციის დაცვის გარეშე იდგა.
საპატრიარქომ არ შეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი, თუმცა, დაუშვა ზიარების შემდგომი სასმელის, „სიტკბოების“ მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

უნდა შეიზღუდოს თუ არა კოლექტიური ღვთისმსახურებები – ამ საკითხე აზრთა სხვადასხვაობა თავად სასულიერო პირებშიცაა. ღვთისმსახურთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ დაუშვებელია, მრევლს უთხრან, ეკლესიაში არ მივიდნენ, ასევე, დაუშვებლად მიაჩნიათ ზიარების წესის ცვლილება.

„საუკუნეების განმავლობაში, რაც ეკლესიაში არსებობს წესი ზიარებისა, არასდროს დასმულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზიარებიდან შეიძლებოდა, ადამიანს რამე სენი გადასდებოდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველა მამის აზრი. ეკლესიას არადროს დაუსვამს კითხვა იმის შესახებ, რომ ზიარებიდან შეიძლება, რამე სენი დაემართოს ადამიანს. დღეს ამაზე ლაპარაკი არის ურწმუნოებაზე საუბარი.

პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ასეთ რამეს ეპისტოლეში: ზიარებას ვინც ურწმუნოდ მიეახლება, მისთვის ზიარება იქნება დამსჯელი. ადამიანს ზიარების დროს ეჭვი რომ გაუჩნდეს, შეიძლება, მართლა დაავადდეს“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ „კვირასთან“ საუბრისას.

მამა თეოდორე გიგნაძე აცხადებს, რომ ღვთისმსახურებაში ახალ რეგულაციებს შეიტანენ.

„ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ. ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით და, გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვენს ღვთისმსახურებაში.

ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ ლიტურღიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურღიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. და იმავე წესით, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, გარეთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას. ეს ეხება ყველა დღეს, მათ შორის – კვირასაც“, – ამბობს მამა თეოდორე.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს, რომ თუ ადამიანი რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და ხალხმრავლობას მოერიდება, ეს რწმენის სისუსტეს არ ნიშნავს.

“ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომასა და უარყოფას, საღი აზრი კი არ ნიშნავს რწმენასთან დაპირისპირებას. ვილოცოთ სახლშიც, ვილოცოთ ტაძარშიც, სადაც ხართ.
ტაძრები არ იკეტება, თუმცა ჩვენ რომ რაღაც არ გვგონია და რაღაცის არ გვჯერა, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილად არ იქნება. თუ ადამიანი მოერიდება, არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს.

მე გპირდებით და გეუბნებით, ვინც გაითვალისწინებს კურთხევას, უსაფრთხოების წესებს, ჩვენი მამები, სამღვდელოება, სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ. არც ისე ხშირად ვეზიარებით ჩვენ, რომ ახლა ყოველ წირვაზე მოგვინდეს ზიარება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა, ლაზარე სამადბეგიშვილმა მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეცადონ, სახლებში დარჩნენ.

„ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის.
ვინც არიან რისკჯგუფში შემავალი ადამიანები, თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე – სხვა ადამიანთა სიცოცხლეს.
მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენას და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა.
საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, ვისაც სურვილი აქვს, თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ“, – აცხადებს მეუფე ლაზარე.

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.

„ კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-სა და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – განაცხადა მეუფე საბამ.

აღნიშნული საკითხის შესახებ „კვირა“ თეოლოგ ლევან აბაშიძეს ესაუბრა. ჩვენთან საუბარში თეოლოგმა განაცხადა, რომ ქრისტიანული რწმენა სამედიცინო და ბიოლოგიურ რჩევებს არ აუქმებს.

როგორც თეოლოგი აცხადებს, საპატრიარქო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

ლევან აბაშიძე ამბობს, რომ, საჭიროებისა და აუცილებლობის შესაბამისად, ზიარების წესის ცვლილებაც შესაძლებელია და მორწმუნეების დროებით სახლში დარჩენაც.
„ეს საკმაოდ რთული საკითხია. თუ მივუდგებით თეოლოგიურად, არანაირი წინააღმდეგობა აქ არ არის და მოთხოვნილების, უსაფრთხოების მიხედვით, შესაძლებელია, რომ შეიცვალოს ზიარების წესიც და შესაძლებელია ისიც, რომ მორწმუნეები დროებით სახლში დარჩნენ. ეს ძალიან ბევრს კარგად ესმის, მათ შორის – ეკლესიაშიც, მღვდლებს. უბრალოდ, აქ არის ერთი საკითხი, იმდენად მნიშვენლოვანია ზიარება ქრისტიანისთვის, რომ ეს შეიძლება, ბევრმა მორწმუნემ სწორად ვერ გაიგოს. შეიძლება, ზოგიერთმა მორწმუნემ მიიჩნიოს, რომ ჩვენი ეკლესია, საპატრიარქო , მღვდელი ან ეპისკოპოსი მცირედმორწმუნეა, ან არღვევს საეკელსიო წესს. არის საფრთხე იმისა, რომ ეკლესიაში დაიწყოს შფოთი და გაუგებრობა, ამიტომაც ძალიან სართხილო საქმეა ეს“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მისივე თქმით, თუ დროებით შეზღუდვები დაწესდება, ეს დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს.

„ძალიან დიდ სიფრთხილე გვმართებს. თუ შევზღუდავთ, ჯერ ერთი, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დროებითი, რომ ეს არის ქრისტიანული, მოყვასის სიყვარულისგან, რომ ჩემზე ხომ არ არის, შეიძლება ეკლესიაში რომ მივალ, ეს ვირუსი წამოვიღო და ვიღაცა სხავას მივუტანო. ეს ყველაფერი ბალანსია, ერთი მხრივ, უსაფრთხოება, მოყვასზე ზრუნვა და, მეორე მხრივ, ქრისტიანების ჭეშმარიტი და ობიექტური მოთხოვნილება, ერთად მივიდნენ და მიიღონ ზიარება.

ის, რომ ღმერთი ჩვენ გვიფარავს, ეს ჩვენი რწმენის განუყოფელი ნაწილია. ღმერთმა თქვა, რომ ერთი თმა არ ჩამოვარდება შენი თავიდან ღვთის ნების გარეშეო. ეს არ ნიშნავს, რომ მე შეიძლება, გადმოვხტე მეათე სართულიდან და ვთქვა – მე ღმერთი დამიფარავს, ეს ნიშნავს ღმერთის გამოცდას. არ უნდა გადმოხტე. ეს რომ გადმოვიტანოთ, ამ შემთხვევაში, თუ ვიტყვი, რომ ამ თასიდან და ერთი კოვზიდან არანაირად არ გადამედება იმიტომ, რომ ღმერთი დამიფარავს, დაახლოებით იგივეა.
ფაქტობრივად, ამბობ, რომ რისკებს ვიღებ ჩემს თავზე, ღმერთი დამიფარავს. შეიძლება, ღმერთმა არ დაგიფაროს. ღმერთი არ არის ვალდებული, რომ გააუქმოს ფიზიკისა და ბიოლოგიის კანონები ყოველწუთში. ამაში არაა ქრისტიანული რწენა, რომ რადგან ეს არის წმინდა ზიარება, იქ არ შეიძლება, ვირუსი იყოს. შეიძლება, იყოს ვირუსი. ამას გულისხმობს ღმერთის გამოცდა. ყველგან შეიძლება, იყოს ეს ვირუსი. სამედიცინო და ბიოლოგიურ რჩევებს არ აუქმებს ქრისტიანული რწმენა. ეს ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“, – განმარტა თეოლოგმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები