მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
საკარანტინე ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება მედიასაც. პრემიერის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში იმუშავებს მხოლოდ ადგილობრივი მედია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფები, ცენტრალური მედიასაშუალებები ინფორმაციას მათგან მიიღებენ.
“21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა – მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი.
ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.