ვახტანგ გომელაური: მინდა თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო ამ დღეებში გაწეული შრომისთვის

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით სამართალდამცველების მიერ გაწეული მუშაობა უმძიმესი იყო”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ამ პროცესებში ჩართულ პოლიციის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩვენს თანამშრომლებს, პოლიციელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ 2 კვირის განმავლობაში. თქვენ იცით, თუ რა პრობლემები იყო, ძალიან ბევრი რეისი სრულდებოდა. მით უმეტეს, პირველი  2-3 დღის განმავლობაში  ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერს გავართვით თავი. დღეს დაკეტილია საზღვრები მთლიანად. სახმელეთო საზღვარზე შემოდიან მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები და გამონაკლისი დაიშვება მაშინ, თუ დიპლომატიური მისიით მოემგზავრება სხვა ქვეყნის მოქალაქე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუ პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია – მეუღლე, შვილი, დედა და ა.შ. მისი ქვეყანაში შემოშვების საკითხს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, შემოწმების შემდეგ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ამავე ეთერში ისაუბრა სატვირთო გადაზიდვების შესახებაც.
„იცით, რომ ტვირთები მოძრაობს, არ გაგვიჩერებია სატვირთო გადაზიდვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანის კოლონა კეთდება და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას, თავის დაზღვევის მიზნით, რომ ეს ადამიანები არ შევიდნენ ჩვენს მოქალაქეებთან კონტაქტში,“ – განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები