ცაგერსა და ლენტეხში თვითიზოლაციაში 19 ადამიანი იმყოფება

ცაგერში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ისინი ეპიდემიოლოგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა განუცხადა.

“მართალია, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 5-დან 16-მდე გაიზარდა, თუმცა კარგია ის, რომ არცერთ მათგანს ამ მომენტისთვის საშიში სიმპტომები არ აღენიშნება. ამ ადამიანებიდან ძირითადი ნაწილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხოჯი, უსახელო, მახაში, ზოგიში იმყოფება. ქალაქში ერთი დაკვირვების ქვეშ მყოფი პიროვნება რჩება. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო შსს-ის ცაგერის განყოფილების ეფექტური მუშაობა. აღნიშნული სამსახური ძალიან გვიდგას გვერდში და გვეხმარება. თვითიზოლირებულებთან დღეში სამჯერ სატელეფონო კონტაქტზე გავდივართ, ვამოწმებთ ტემპერატურულ რეჟიმსა და სხვა საჭირო მონაცემებს, აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ეპიდემიოლოგი ადგილზე მიდის”, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

“რეგიონული კვირა” ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგს, ლამზირა ბენდელიანსაც დაუკავშირდა. მედიკოსის განცხადებით, ლენტეხში თვითიზოლაციაში კვლავ 3 პაციენტი რჩება, ხოლო ერთი, სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც პოლიციამ იძულების წესით წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა, ამ დრომდე კარანტინში რჩება.
რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ხანში შესულ ქალს, რომელიც ავსტრიიდანაა ჩამოსული – ის თავს კარგად გრძნობს. ლამზირა ბენდელიანის განმარტებით, მას არანაირი საშიში სიმპტომი არ აღენიშნება. მისივე თქმით, ასევე, დამაკმაყოფილებელია იმ 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
“მე მათთან ყოველსაათობრივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ რამე განსაკუთრებული არაფერი ხდება, არიან კარგად და ჯანმრთელად, იცავენ წესებს”, – განაცხადა ლენტეხის ეპიდემიოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებული,კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 271 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები