ნელი ხიზანიშვილი: კახეთში თვითიზოლაციაში 283, კარანტინის რეჟიმში კი 133 ადამიანი იმყოფება
კახეთში, სამ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 133 მოქალაქე იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კარანტინში იძულების წესით გადაყვანილია 3 მოქალაქე. ამის შესახებ კახეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხემძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
„კახეთში მდგომარეობა სტაბილურია, საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობენ“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა კომენტარი რომანოვების სამგლოვიარო პროცესიასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ სხვადასხვა მედიასაშუილებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთიდან ჩამოსული სამი მოქალაქე თელავში იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„როდესაც ადამიანს უდასტურდება კორონავირუსი, იქ ხდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, ხდება იდენტიფიცირება ყველა კონტაქტისა, სადაც უნდა ყოფილიყო დაინფიცირებული და გვატყობინებენ ყველაფერს, ასეთი ინფორმაცია კახეთის განყოფილებაში არ შემოსულა და მაშასადამე არის სიცრუე“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებული,კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 271 ადამიანი გადის.