“მთავრობისა” და “ჯანდაცვის” სახელით ცრუ შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით, სუს-ი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობამ შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მეშვეობით 2020 წლის 16 მარტს მოქალაქეებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
ამის შემდეგ, პირთა ჯგუფმა საქართველოს რიგ მოქალაქეებს “მთავრობისა” და “ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. აღნიშნული ქმედებით ისინი შეეცადნენ, მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
უწყების ინფორმაციით, ცრუ შეტყობინებების გავრცელებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მყისიერად დაიწყო გამოძიება და დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის და შემდგომში დეზინფორმაციული შინაარსის მქონე შეტყობინებების საქართველოს მოსახლეობაში გაგზავნის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გატარდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
დადგინდა, რომ შეტყობინებების გაგზავნა განხორციელდა კომპანიების SMS OFFICE-ის და “ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით. აღნიშნულ კომპანიებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობა.
ამ ეტაპისთვის, საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
გამოძიებას საბოტაჟის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.