ამირან გამყრელიძე: უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე სხვადასხვა საავადმყოფოში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველი ეპიდემიოლოგები და საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მჭიდრო კავშირში იქნებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოებში საქართველოს ოცამდე მოქალაქეა მოთავსებული. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე იმყოფებიან, რომ მათთან ჩვენგან იყოს მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც მოქალაქეებთან, ასევე მედპესონალთან. სამწუხაროდ, გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში გარდაცვალების შემთხვევა, ესპანეთში. ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსთან ერთად მრავალი რისკფაქტორი, ანუ რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხსენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი რისკფაქტორია ასაკი და თანხმლები დაავადებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები