პრემიერი: ჩვენთვის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა

“ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება და თითოეული მოქალაქის მიზნობრივად მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, გამოწვევები იქნება ბევრი და იქნებიან კომპანიები, რომლებიც, ალბათ, ვერ გაუძლებენ მსგავს გამოწვევას, ასევე, კომპანიები, რომლებიც გადაეწყობიან.

„ვესაუბრებით ბიზნესს, რომელსაც ვეუბნებით, რომ მათი სოციალური პასუხისმგებლობა და მათი კომერციული ინტერესიც უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეს სამუშაო ადგილები და ეს ადამიანები, რომლებიც ჰყავთ დატრენინგებული, რომლის კომპეტენციაშიც უამრავი რესურსია ჩადებული. ეს ხალხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინახოთ იმისთვის, რომ, როგორც კი კრიზისს გადავივლით, სწრაფად ამოვქოქოთ და ავამუშაოთ ეკონომიკა.

ჩვენ ამაში კომპანიებსა და ბიზნესს ვეხმარებით. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და მათი ინტერესიც ეს არის. ამას მივაღწევთ ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, შეფასება იქნება სხვადასხვა. იქნებიან ადამიანები, რომლებიც სრულად კმაყოფილები ვერ დარჩებიან, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქის, მათი სიცოცხლე და ყოველდღიური მომსახურეობა სამედიცინო სფეროში, რომ აქ არ გაჩნდეს რისკები და შემდგომ უკვე მინიმიზაცია იმ ზიანის, რომელიც ეკონომიკას მიადგება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები