გიორგი ცუცქირიძე: Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით” განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ
„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია”, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი 2020 წლის კვლევას რამდენიმე მიმართულებით გამოყოფს და თითოეულს ცალ-ცალკე განიხილავს.
„ამ თვალსაზრისით უდავოდ უნდა გამოიყოს ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი”, რომელიც შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს. გარდა ამისა, ამ
კომპონენტებიის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს”, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP) და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსსაც”.
2020 წლის კვლევა კი რამდენიმე მიმართულებით არის აღსანიშნავი.
1. საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილიდან 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მიხედვით, საქართველოს შეფასება აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელსაც (61.6 ქულა). თვალსაჩინოებისათვის ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ განვითარებული ეკონომიკის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ისლანდია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია თუ იაპონია არიან.
2. მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმულია, ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო 7 წელიწადში განიცადა ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
3. 2020 წლის კვლევას დიდი მნიშვნელობა ექნება წმინდა საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, რასაც საგარეო მოთხოვნის სტიმულირებისთვის უდიდესი დატვირთვა ექნება. აღსანიშნავია. რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა პრაქტიკულად ყველა წამყვანი საინვესტიციო მიმზიდველობის მიმართულებით, იქნება ეს საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა), ხოლო საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა, ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. შედარებისთვის თუნდაც 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა.
ეს მეტად მნიშვნელოვანი კვლევაც არის სრულ თანხვედრაში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებთან და არის ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული როგორც ეკონომიკის თავისუფლების, ისე კორუფციასთან ბრძოლისა და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.