სოზარ სუბარი: მზად ვართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებს ჯანდაცვის ისეთივე სერვისები შევთავაზოთ, რითაც სარგებლობს ყველა თანამოქალაქე
“მზად ვართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებს ჯანდაცვის ისეთივე სერვისები შევთავაზოთ, რითაც სარგებლობს ჩვენი ყველა თანამოქალაქე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„პანდემია იმიტომ არის პანდემია და იმიტომ არის მართლაც მსოფლიო მოვლენა, რომ ძალიან ძნელია რომელიმე კუთხე ამას გადაურჩეს და პანდემიის მიღმა დარჩეს. შესაბამისად, ვერც ოკუპირებული ტერიტორია დარჩება მიღმა. ცხადია, ეს ვირუსი არანაირ საზღვარს არ ცნობს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ამ ნაწილში, ინფორმაციის გაცვლა ხდება, თუმცა ამ ურთიერთობის დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჯანდაცვის სფერო ეს ის მიმართულებაა, სადაც ყველაზე მჭიდროდ და კარგად არის ჩვენი ურთიერთობები დალაგებული, აწყობილი. დღესაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკური აფხაზებიც, ოსებიც, ქართველებიც არიან, თბილისში მკურნალობენ.
პრობლემა ის არის, რომ თუ სპეციალური კვლევის საშუალებები არ გაქვს, ძალიან ძნელია ვირუსის დადასტურება. შესაძლოა, ადამიანს აქვს სიმპტომები, მაგრამ სხვადასხვა დაავადებებს მსგავსი სიმპტომები აქვთ, ამიტომ თუ არ არის ზუსტი დიაგნოსტიკა, შეუძლებელია დაზუსტებით რამის თქმა. ამ მხრივ, შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის პრაქტიკულად ნულის ტოლი. ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში რამდენიმე დღე სჭირდება იმის დადგენას, რაც ჩვენთან ხდება საათების განმავლობაში. ამ მხრივ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით მომზადებულია. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებს ასეთივე სერვისები შევთავაზოთ, რითაც სარგებლობს ჩვენი ყველა თანამოქალაქე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.