საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა. ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდი. სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადიან.
“პარალელურად, დაგეგმილი ტურნირები და მატჩები გადადეს საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება და 15 აპრილამდე გადადო მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი, მათ შორის, 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის მატჩი. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ასევე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაისის თვეში ჩატარდება 19-22 მარტს ბუდაპეშტში გასამართი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი.
31 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში, რომლისთვისაც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს მარტის ბოლოს უნდა ემასპინძლა.
გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც კანადაში 16-22 მარტს უნდა გამართულიყო.
ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც თბილისი 4-5 აპრილს მასპინძლობდა, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად ივნისის ბოლოს ჩაატარებს, თბილისში გასამართი გრან პრი კი გაუქმდა.
აპრილის ნაცვლად, 13-21 ივნისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებიდან თითქმის ყველა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და არცერთი მათგანი არ გაუქმებულა, არამედ გადაიდო გარკვეული დროით, გარდა თბილისის გრან პრისა.
ამ ეტაპზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. გუშინ, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა”, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.