სოსო არჩვაძე: ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მიღწეულ იქნა ქართველ მეწარმეთა ძალისხმევით
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში 2020 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემების მიხედვით საქართველოში საგარეო ვაჭრობის შესახებ წერს.
ექსპერტის აზრით, ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მიღწეულ იქნა ქართველ მეწარმეთა ძალისხმევით იმ პოზიტიური ბიზნესგარემოს პირობებში, რომლის ფორმირებას ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები.
„2020 წლის პირველი ორი თვის მანძილზე საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1 პროცენტით გაიზარდა და 1855.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 4.5 პროცენტით და 526.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტის მატებამ კი – 6.8 პროცენტი და გადააჭარბა 1.3-მილიარდიან ზღვარს (1328.7 მლნ აშშ დოლარი). უარყოფითმა საგარეო სავაჭრო სალდომ 802.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა თანაფარდობამ საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან – 43.3 პროცენტი.
პირველად მრავალი თვის მანძილზე, თებერვალში ექსპორტის წინა თვესთან უმნიშვნელო მატებისას (+0.4% – მხოლოდ 1 მლნ აშშ დოლარით), დაფიქსირდა იმპორტის საგრძნობი მატება (78.7 მლნ აშშ დოლარით – 12.6%-ით), რაც უკავშირდება როგორც ქვეყანაში შიდა მოხმარების ზრდას, ისე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეექსპორტს. ამასთანავე, თუ უფრო გრძელვადიან პერიოდს გავაანალიზებთ (მაგალითად, ბოლო 5 წელს), დავინახავთ, რომ ადგილი აქვს ექსპორტის მნიშვნელოვან წინმსწრებ ზრდას იმპორტის ზრდასთან შედარებით. ასე მაგალითად, 2020 წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტი 5 წლის წინანდელი პერიოდის (2015 წლის იანვარ-თებერვლის) ანალოგიურ მაჩვენებელს 63.3 პროცენტით აღემატება, მაშინ როდესაც იმპორტის მიხედვით ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 18.3 პროცენტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მატების ყოველ 1 პროცენტზე ექსპორტის მატების 3.4% მოდიოდა. ბოლო 5 წლის მანძილზე იანვარ-თებერვლის მიხედვით საგარეო-სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 414 მლნ აშშ დოლარით (28.7%-ით), რომელშიც თითქმის თანაბარი წვლილი შეიტანეს ექსპორტმაც და იმპორტმაც (49.3% – ექსპორტის მატებამ, ხოლო 50.7% – იმპორტის მატებამ). ბოლო წლებში არსებითად გაუმჯობესდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც – 2015 წლის იანვარ-თებერვლის 28.8%-დან 2020 წლის იანვარ-თებერვლის 39.6%-მდე. აღნიშნული პროგრესის მიღწევა ქართულმა სამეწარმეო სექტორმა შეძლო იმ პოზიტიური ბიზნესგარემოს პირობებში, რომლის ფორმირებას ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები. ხელისუფლების ძალისხმევა ბიზნესის ხელშეწყობისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით თვალსაჩინო შედეგს იძლევა.
როგორც წესი, ექსპორტს, იმპორტს და შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვას მზარდი ტენდენცია ახასიათებთ. შესაბამისად, წლის პირველი თვეებში ფაქტობრივი სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო თვიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, საგარეო სავაჭრო ბრუნვის, შესაბამისად, ექსპორტისა და იმპორტის, თვეების მიხედვით თანაბარი განაწილების შემთხვევაში იანვარ-თებერვალზე უნდა მოდიოდეს მათი 16.67-16.67 პროცენტი. ფაქტობრივად კი აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო წლებში 13.5 პროცენტს არ ასცილებია. შესაბამისად, საუბარი მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ტრენდზე საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, მის ექსპორტსა და იმპორტში, პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, ნაადრევია, მით უფრო, თებერვლის ბოლოს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში ფორს-მაჟორად მოვლენილი კორონავირუსის ფაქტორის გამო”, – წერს სოსო არჩვაძე.