ნინო ცაციაშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით შსს გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უწყების მიერ ინიცირებული კანონპროექტის – „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას პრობლემის მიმართ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა მინისტრის მოადგილემ.
საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას.
ცვლილების მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნა.
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას და იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის განხორციელების, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე„ – აღნიშნულის შესახებ მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის ეფექტიანად აღსრულების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სწორედ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ ინფორმირებას მსხვერპლთან მიახლოების შემთხვევაში.
კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე, ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში და გაგრძელდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას გათვალისწინებული იქნება მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ შედგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს სასამართლოს.
მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ასევე, საკანონმდებლო პროექტის თანახმად, ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია და ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი, რაც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით სხვა საკითხების რეგულირებასაც ითვალისწინებს.
დამცავი ორდერი, ნაცვლად 6 თვემდე ვადისა, გამოიცემა 9 თვემდე ვადით. ამასთან, მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 1 სექტემბრიდან დაინერგა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი. მისი ეფექტიანობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო დონეზე გაიწერა შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას რისკების შეფასების კითხვარის გამოყენების ვალდებულება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვის შესახებ კანონპროექტი განსახილველად 2019 წლის სექტემბერში წარუდგინა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არსებობდეს მოძალადეებზე ზედამხედველობის ქმედითი მექანიზმები, რასაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უზრუნველყოფს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ UN WOMEN-მა შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.