მამუკა მდინარაძე: საარჩევნო სისტემის საკითხზე თუ ნაწილობრივი კონსენსუსი არ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენას აზრი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე ოპოზიციასთან ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც არ იქნება მიღწეული, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენასა და მის დაინიცირებას აზრი არ აქვს.
მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების ნებისმიერი რაოდენობა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ შემთხვევაში, როცა ე.წ. ჩამკეტი და დამზღვევი მექანიზმი კანონპროექტში იქნება ჩადებული.
„თუ პარტიების ნაწილი მაინც არ დაეთანხმა, ცვლილებების წარდგენას აზრი არ ექნება. თუ ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც იქნება, ვიფიქრებთ, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. თუ იმაზეა საუბარი, ჩვენ რა დათმობაზე მივდივართ, შემიძლია, გარანტია მოგცეთ, რომ სულ რაღაც სამ-ოთხ დღეში შავით თეთრზე დაწერილი იქნება ყველა ის პირობა, რაზეც ზეპირად ვლაპარაკობთ. ასევე, გარანტიას გაძლევთ, რომ ერთი სიტყვაც კი ობიექტურად ვერ შეიძლება კრიტიკულად იყოს მიმართული ამ პროექტის მიმართ, დამზღვევი მექანიზმებზე – როგორც ე.წ. ჩამკეტ მექანიზმზე, ზედა ზღვარზე, ასევე, ბარიერზე, რომელზეც ვამბობთ, რომ რამდენიც უნდათ, შეთანხმდნენ და საკუთარი ვერსია მოიტანონ. პრობლემა არ გვაქვს და ამას პროექტში ჩავუწერთ. 40-ზე ნაკლები მაჟორიტარი დეპუტატის რაოდენობა არ უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში დამახინჯებული სისტემა იარსებებს. ასეთ შემთხვევაში რაიონები ერთიანდება, რაზეც სერიოზული საუბარი არ შეიძლება. მაჟორიტარი დეპუტატების ნებისმიერი რაოდენობა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ შემთხვევაში, როცა ე.წ. ჩამკეტი და დამზღვევი მექანიზმი კანონპროექტში იქნება ჩადებული. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, შეთანხმება არსებობს, რომ დეტალები გარეთ არ გამოვიდეს და სპეკულაციის საგანი არც ერთი სიტყვა არ გახდეს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ე.წ. დამზღვევი და ჩამკეტი მექანიზმები მათი წუხილების მოხსნას უზრუნველყოფს და არა მხოლოდ 130/20, რადგან ასე პრიმიტიული მიდგომა არ შეიძლება“, – განმარტა მდინარაძემ.