დავით ფარცვანია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ 2018-2019 წლებში წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი ოდენობით თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა, უწყებაში ეხმაურებიან.

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, დავით ფარცვანიას განცხადებით, წარმომადგენლობითი და მომსახურეობის ხარჯები შემცირებულია, ხოლო საავტომობილო მომსახურეობის ხარჯები 2018 წელთან შედარებით განახევრდა.

“რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, აქ ზრდა არის 40 ათასი ლარით და განპირობებულია არა ხელფასების მატებით, არამედ იმით, რომ თუ ადრე სახელმწიფო რწმუნებულს 2 მოადგილე ჰყავდა და იყო ვაკანტური თანამდებობები, ამჯერად ვაკანტური ადგილები შეივსო და სახელმწიფო რწმუნებულს 4 მოადგილე ჰყავს. რაც შეეხება საწვავს, მისი მცირეოდენი ზრდა მოსახლეობასთან გაზრდილი კომუნიკაციით არის განპირობებული”, – აღნიშნავს დავით ფარცვანია.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2018-2019 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს – 51,411 ლარი, 2019 წელს კი – 35,331 ლარი). ანგარიშის მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (22,742 ლარი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები