იმერეთის დელეგაცია საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში გაემგზავრა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პირველ მოადგილესთან მამუკა ხიმშიაშვილთან, მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდულ
ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები გააცილა. ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასშტაბური მულტისპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
“იმერეთის რეგიონს ფესტივალზე 124 ახალგაზრდა სპორტსმენი წარადგენს. ფესტივალში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ჯამში სპორტის 17 სახეობაში ერთმანეთს 14-17 წლის ასაკის დაახლოებით 1200 სპორტსმენი
შეეჯიბრება. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება.
პროექტის მიზანია სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიური ჩართულობის გაზრდა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,”- წერია ინფორმაციაში.