“ამერიკასთან გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკაა, პროცესი უკვე საკმაოდ იმედისმომცემია”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი აქვს, მით უმეტეს, ბოლო ვიზიტიდან გამომდინარე, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
„ჩვენ საინტერესო დისკუსია გვქონდა მრავალ საკითხზე და ის განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები არა თუ გადაიტვირთება, არამედ ახალ სიმაღლეებზე გადავა. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სამუშაო პროცესი, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ მთავარია, ეს პროცესი დაძრულია და დიდი იმედი მაქვს, სამომავლოდ ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე გადაინაცვლებს. ახალ სიმაღლეში ვგულისხმობ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდეს, რომელშიც მთავარი საკითხი ამ პარტნიორობიდან ურთიერთსარგებლის მიღება იქნება. ამ ურთიერთობებიდან სარგებელი უნდა ჰქონდეს როგორც ამერიკას, ასევე საქართველოს. ამ თემის ირგვლივ საუბარი გვქონდა და კარგია, რომ იდეის ირგვლივ წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.