პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქში არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ ონის მიმართულებით არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და ალტერნატიული გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს მეწყრული პროცესების კვლევა და სტაბილიზაციის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება.
“მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მდინარე ხეორზე დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია მაქსიმალურად ეფექტურ და გონივრულ ვადებში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 111-ე კილომეტრზე სამუშაოების სრული მასშტაბით შესრულება,”- წერია ინფორმაციაში.