სამცხე-ჯავახეთში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, საკოორდინაციო-სამუშაო ჯგუფის წევრებისგან რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები