გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა კორონა ვირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ რეგიონში, კორონა ვირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კორონა ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომები განიხილეს. საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

აღინიშნა, რომ რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხიც. ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფში შედიან სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის დირექტორები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურიის განყოფილებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები