შალვა პაპუაშვილი – 26 მაისის აქციაზე: მიზანია გარე დამკვეთებს აჩვენონ, რომ ასრულებენ დაკვეთას
“ჩვენ ვიცით რა არის ამ შეკრების მიზანი, საჯაროდაც წამოსცდათ, რომ მიზანია მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ, აჩვენონ, რომ საკმარისი რაოდენობა არიან და ასრულებენ მათ დაკვეთას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და მათი სურვილია საქართველოს განვითარება დაუქვემდებარონ სხვების ინტერესებს.
„თვალნათლივ ვხედავთ, ჩამოყალიბდა ჯგუფი ადამიანების – 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც გაემიჯნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს. 4 ოქტომბრის გადამტრიალებლებს, ამ ხალხს ვხედავთ ყველგან სადაც არის ძალადობა, ზიზღი, საქართველოს ინტერესების დათმობა სხვების ინტერესების სასარგებლოდ. ეს ხალხი ვერ ვნახეთ ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას, ანუ არის საზოგადოება, ქვეყანა, მისი ისტორიული გზა და განვითარება და მომავალი ხედვა და გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის ელჩებთან, პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონებში ხალხთან ერთად. ამიტომ ამ მხრივ, ვფიქრობ ეს კარგი პროცესია, ვინაიდან სახელობითად ვხედავთ ვინ არის ის ჯგუფი ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და აქვთ ერთი სურვილი, დაუქვემდებარონ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს, რათა დაიმსახურონ სხვათა ტაში. ამიტომ, მე მივესალმები, ჩანდეს რაც შეიძლება გამოკვეთილად, სად დგას ქართველი ხალხი, რომ დგას 26 მაისს დამოუკიდებლობის აღნიშვნისას და სად დგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებსაც სხვისი დროშას აფრიალებენ, სხვის ჰიმნის მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და ყველაფერი ქართულისგან იცლებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.